მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია
Автор: რადოსლავ კონიაჯ |
Добавлено: 21.08.2022 |
|
წინასიტყვაობა საიტის ავტორისგან
|
რადოსლავ კონიაჯი, სტატიის ავტორი |
სტატიის ავტორმა, რადოსლავ კონიაჟმა, სატყეო განათლება მიიღო კრაკოვის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში. ის არის ტყის მცოდნე, მარკულეს სატყეო უბნის მეტყევე, მარკულის სატყეო მეურნეობაში არსებული დენდრარიუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი. აღნიშნულ სატყეო მეურნეობაში ასევე არის გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბუნების გაცნობის მიზნით მან არაერთხელ მოინახულა ქვეყნის სხვადასხვა რაიონები და ნაკრძალები, მათ შორის 4 - ჯერ იყო ლაგოდეხში, რომლის ბუნებამ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რადოსლავ კონიაჟის განსაკუთრებული ყურადღება ლაგოდეხში ყოფილი მლოკოსევიჩის ბაღის ნაშთებმა მიიპყრო, რომელიც მისი აზრით წარმოადგენს დიდ დენდროლოგიურ, ისტორიულ და სამეცნიერო ღირებულებას.
კოლეგებთან ერთად შეიმუშავა მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის (აღდგენის) პროექტი. 2021 წლის სექტემბერში, როგორც პოლონელი სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დაიწყო რევიტალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელება, რომელიც მოიცავდა დენდროპარკის ინვენტარიზაციას, ხეების მდგომარეობის დიაგნოსტიკას, გამოჯანსაღებისა და გადარჩენის რეკომენდაციების შემუშავებას.
მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია ტერიტორიის კეთილმოწყობა და ბაღში იმ ხეების დარგვა, რომლებიც იზრდებოდნენ მლოკოსევიჩის დროს.
რადოსლავმა ერთ-ერთ წერილში მომწერა, რომ პოლონეთის ყველა ქალაქი მოისურვებდა რომ ჰქონდეს მლოკოსევიჩის ბაღის მსგავსი საგანძური. მე ვთხოვე, რომ დაეწერა ამის შესახებ. ლაგოდეხის მოსახლეობას და ხელისუფლებას დააინტერესებს უცხოელი პროფესიონალის აზრი იმ ბაღის შესახებ, რომელიც ჩვენს ქალაქს მემკვიდრეობით ერგო ლუდვიკ მლოკოსევიჩისგან.
საიტის ავტორი პეტრო ზგონნიკოვ
---------------------------------------
რადოსლავ კონიჟი: ,,ლაგოდეხში მლოკოსევიჩის ყოფილი ბაღი - ნამდვილი საგანძურია ქალაქისთვის..."
|
ამგვარი აბრები სფმ ენაზე (ქართული, პოლონური, ინგლისური) დენდროპარკში ხეებზე 2022[ წლის სექტემბერში დამონტაჯდება |
მსოფლიოში ცოტაა ისეთი ადგილი ბუნების შესასწავლად უზარმაზარი შესაძლებლობებით როგორიც არის ლაგოდეხი. აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ადგილი სპეციალურად არის ამისთვის შექმნილი. დავიწყოთ უჩვეულო კლიმატით, კერძოდ კი დიდი კავკასიონის ძირში მდებარე სუბტროპიკული სითბოს ადგილობრივი უბნებით. ამ სპეციფიკურმა და უნიკალურმა კლიმატურმა პირობებმა სამხრეთ კავკასიის კონტინენტურ ნაწილში (ამიერკავკასიაში) განაპირობა ლაგოდეხში მცენარეებისა და ცხოველების უზარმაზარი მრავალფეროვნების განვითარება, რომელთა მრავალი სახეობა (ენდემური) მსოფლიოში არსად გვხვდება. ადგილობრივი ბუნების სიმდიდრე XIX საუკუნის მეორე ნახევარში შენიშნა ლაგოდეხის ერთ-ერთმა პირველმა მოსახლემ, გამორჩეულმა ნატურალისტმა, პოლონელმა ლუდვიკ მლოკოსევიჩმა (1831-1909), რის შედეგადაც 1912 წელს ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა, რომელიც დღესდღეობით ,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების“ სახელითაა ცნობილი. მლოკოსევიჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ განსაკუთრებული კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა ლაგოდეხში გაიზარდოს მცენარეები მსოფლიოს ყველაზე შორეული კუთხეებიდან. ამ მიზეზით, მან დაიწყო ეგზოტიკური ხეების და ბუჩქების ლაგოდეხში ჩამოტანა და თავის საკარმიდამოზე გაშენება. მხოლოდ სამეცნიერო ინტერესი და კავკასიონის ძირში არნახული სილამაზის ხედების შექმნის სურვილი არ იყო ამის მიზეზი, პირველ რიგში, მლოკოსევიჩს სურდა დაერწმუნებინა ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული მცენარეების ადგილობრივ პირობებში მოყვანის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობაში. მან იცოდა, რომ მისი შრომა არ ჩაივლიდა უშედეგოდ და ხელს შეუწყობდა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და მთელი რეგიონის განვითარებას.
ლაგოდეხში დღემდე შემორჩენილია ლუდვიკ მლოკოსევიჩის მიერ მის საკარმიდამოზე დაარსებული ბოტანიკური ბაღის ნაშთები. მსგავსი კოლექციის შეგროვება დღეს ძალიან მარტივია, მაგრამ მლოკოსევიჩის დროს ეს იყო განუსაზღვრელად ძნელი, მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, ცოდნას, მატერიალურ ხარჯს და მოქმედების სიმტკიცეს.
მლოკოსევიჩის მრავალფეროვანი ჰობის წყალობით მსოფლიომ ლაგოდეხის შესახებ შეიტყო. ამ ადგილის ველური ბუნების შესახებ ფართოდ გახდა ცნობილი. მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს სურს საქართველოს ამ ჯადოსნური კუთხის მონახულება და როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ჩანს ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ხალხი ნატრობს წუთიერ კონტაქტს მაინც ველურ ბუნებასთან, რომელიც ლაგოდეხში გაშვერილი ხელის მანძილზეა და თითქმის ყველას შეუძლია მასთან შეხება რაიმე სირთულის გარეშე, არ არის საჭირო ძნელი და ლოჯისტიკურად რთული ექსპედიციების ორგანიზება. თბილისიდან ლაგოდეხამდე მანქანით დაუღალავად ორი-სამი საათი საკმარისია იმისთვის, რომ სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდეთ.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია კარგად იცნობს თანამედროვე ტურისტების მოთხოვნებს და მაქსიმალურად ცდილობს მათ დაკმაყოფილებას. შემუშავებულია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტები - რამდენიმე საათიდან სამ დღემდე, ისე, რომ თითოეულმა ადამიანმა, თავისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეძლოს შესაფერისის არჩევა. ასევე არსებობს მაღალი დონის მომსახურების ფართო ბაზა (სასტუმროში განთავსება, კაფე და საცურაო აუზი, კარვების გაქირავება, ზურგჩანთები, საძილე ტომრები, ცხენები, გიდის მომსახურება და ა.შ.), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტების მოზიდვისათვის და უდავოდ გაზრდის მათ რაოდენობას. ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობა გვაფიქრებს ლაგოდეხის განვითარებაზე დაცული ტეტიტორიების შესაძლებლობების კუთხით, ვფიქრობ ნაკრძალის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ შესაძლებლობების გამოყენება.
დღეს, მსოფლიოს საკურორტო ქალაქები და დასახლებები მნიშვნელოვან ხარჯებს ეწევიან ბოტანიკური ბაღების, საქალაქო პარკებისა და სკვერების შექმნისთვის რომლებისაგან სურთ მათი სავიზიტო ბარათების შექმნა. ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენება ხდება ზუსტად ასეთ ადგილებში, რადგან ასეთი ადამიანებისთვის, როგორც წესი, მიუწვდომელია რთული ტურისტული მარშრუტები.
აქ ღირს კითხვის დასმა: არის თუ არა ლაგოდეხში ტერიტორია, ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ხალხის მრავალფეროვან საჭიროებებს? ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღებისთვის მინიჭებული მრავალი ფუნქციის ერთ მთლიანობაში გაერთიანება: სოციალური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ბუნების დაცვის ფუნქციები? პასუხი აშკარად ჩანს. დიახ, არსებობს! უფრო მეტიც, ამ საკითხის გაფართოებული განხილვა საშუალებას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ მოცემული ადგილი უნიკალური და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაგოდეხისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ყველა საფუძველი არსებობს იმის სათქმელად, რომ ლაგოდეხში ბოტანიკური ბაღის (დენდროპარკის) შესაქმნელად იდეალურ ბაზას წარმოადგენს ლუდვიკ მლოკოსევიჩის ყოფილი საკარმიდამოს ტერიტორია.
თანამედროვეობამ ძირეულად შეცვალა წარმოდგენა ბოტანიკური ბაღების ფუნქციების და მათ წინაშე არსებული ამოცანების პრიორიტეტების შესახებ. დღეს ბოტანიკურმა ბაღებმა სამეცნიერო კვლევის ობიექტების სახით ფუნქციონირების ტვირთი, რომელიც უკვე შესაძლებელია განხორციელდეს ნაკრძალებისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებების მიერ, გადაიტანეს მრავალფეროვან სოციალურ ფუნქციებზე. უპირველეს ყოვლისა, ბოტანიკურმა ბაღებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის დასვენების შესაძლებლობები. დამსვენებლები შეძლებენ გაეცნონ ადგილობრივ ველურ ბუნებას, ხოლო უცხოელი ტურისტები, რომლებიც შეისწავლიან ბოტანიკურ ბაღში შეგროვებულ და აღწერილი სახეობებს, შეძლებენ მათთან გაცნობის გაგრძელებას ბუნებრივ გარემოში, ნაკრძალში ვიზიტის დროს.
როდესაც პირველად შევიტყვე მლოკოსევიჩის დენდროპარკის შესახებ და მოვინახულე ის, ძნელად დავიჯერე მისი არსებობის შესახებ. თუმცა, როგორც გარკვეული დენდროლოგიური გამოცდილების მქონემ მივხვდი, რომ ლაგოდეხში სამყაროსგან დამალული საგანძური აღმოვაჩინე. შემდგომმა ვიზიტებმა ლაგოდეხში და დენდროპარკის უფრო დეტალურმა გაცნობამ მხოლოდ გაამყარა ჩემი შეხედულებები. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ფიქრიდან, თუ როგორ უნდა გავაცნოთ ეს საგანძური მსოფლიოს, უნდა გადავიდე მოქმედებაზე. ჩვენს მეგობრებთან, პოლონეთში დენდროლოგიის, ბოტანიკური ბაღების შექმნასა და მწვანე სივრცეების დაცვის დარგში ცნობილ ექსპერტებთან ერთად, ROBIA-ს (პოლონეთის ბოტანიკური ბაღებისა და დენდრარიების საბჭო) დახმარებით შევიმუშავეთ ,,ლაგოდეხში მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის პროექტი". ამ პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად ფინანსები საზღვარგარეთ პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტმა ,,პოლონიკამ" გამოყო.
2021 წლის სექტემბერში ლაგოდეხში ჩავატარეთ ბაღის სრული ინვენტარიზაცია, განვახორციელეთ ცალკეული ხეების მდგომარეობის ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, მოვამზადეთ გაჯანსაღების და გადარჩენის რეკომენდაციები, შევადგინეთ ბაღის ტერიტორიის დენდროლოგიური რუკა და შევიმუშავეთ წინადადებები მისი შემდგომი განვითარებისთვის. სამუშაოს შეჯამებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ დღეს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მლოკოსევიჩის ბაღი, უმცირესი ფინანსური დანახარჯებით, შეძლებს სრულყოფილად შეასრულოს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფუნქცია და გახდეს ლაგოდეხის ტურისტული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა.
შედარებით მცირე ფართობზე, 4 ჰექტარზე აღწერილი იქნა 160 სხვადასხვა ასაკის 30 სახეობის ხე. ბევრი მათგანი მართლაც უნიკალურია ასაკითა და იშვიათობით. მაგრამ ამ უნიკალური ეგზემპლარებს შორის გვხდებიან ე.წ. ,,თეთრი ყვავები", ბევრი პარამეტრებით უიშვიათესი სახეობები, როგორიცაა ,,Hairy Hickory” (Carya tomentosa) და ,,Parrotia”, სპარსული ხერკინა (Parrotia persica).
საუკუნენახევრის შემდეგ, რაც მლოკოსევიჩმა დარგო პირველი ნერგები, ჯერ კიდევ არსებობს ბრწყინვალე დენდროლოგიური ბაზა ბაღის აღდგენისა და შემდგომი განვითარებისთვის, მისი დაცვის და ბუნების სიღრმისეული შესწავლისათვის. ეს არის მშვენიერი ბაღი! აქ განცდილ ემოციების დონეს სხვა ადგილებში ნაკლებად მიაღწევ.
ერთ დროს, მლოკოსევიჩმა თქვა, რომ ,,მსოფლიოში ჩვენ ლაგოდეხზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“. ეს განცხადება კვლავ აქტუალურია. ლუდვიკ მლოკოსევიჩის მიერ დატოვებული საგანძური, მის მიმართ გონიერი დამოკიდებულებით, დიდი ეფექტურობით შეიძლება გამოყენებული იქნას საზოგადოებისა და მთელი ლაგოდეხის რეგიონის კეთილდღეობისათვის.
--------------------------------
თარგმანი: ლევან ოსიპოვი Просмотров: 973
|