რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 16.06.2022 |
|
პეტრო ზგონნიკოვ
რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?
2021
|
ლუდვიგ მლოკოსევიჩი (1831-1909) |
პოლონელ სპეციალისტთა ჯგუფმა - ტყისმცოდნეებმა, დენდროლოგებმა, ლანდშაფტის არქიტექტორებმა - ROBiA-ს ეგიდით შეიმუშავეს ლაგოდეხში მლოკოსევიჩის დენდროპარკის რევიტალიზაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დენდროპარკის გაჯანსაღებას და მის ტერიტორიაზე იმ ბოტანიკური სახეობების აღდგენას, რომელნიც არსებობდნენ იმ ადამიანის სიცოცხლის დროს, რომელმაც ლაგოდეხში თავის საკარმიდამოში მოაწყო დენდროპარკი - ცნობილი ნატურალისტი, ვარშავის ზოოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი, კავკასიის და სპარსეთის ბუნების მკვლევარი, პოლონელი ლუდვიგ* ფრანცეს ძე მლოკოსევიჩი (1831-1909).
მაგრამ აღნიშნული რომ შესრულდეს, გარდა სხვა ყველაფრისა საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა ხეები და ბუჩქნარი იყო დარგული მლოკოსევიჩის მიერ მის დენდროპარკში, მათ შორის რომელც შენარჩუნდა და რომელმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ მოაღწია დღევანდელ დღემდე. მასეთი მონაცემები პროექტის პოლონელ მონაწილეებს არ აქვთ და მე, მლოკოსევიჩის შესახებ ზოგიერთი მასალების მქონემ ვეცადე გავრკვეულვიყავი ამ საკითხში.
ინფორმაციის მიღების წყაროები არიან ჩვენი თანამედროვენი, მლოკოსევჩის პუბლიკაციები, მის შესახებ მოგონებები და მლოკოსევიჩის საკარმიდამოს შესახებ, მეტყევედ მის სამსახურის ადგილზე, ტიფლისის გუბერნიის და ზაქათლის ოლქის სახელმწიფო ქონების სამმართველოში წარმოებული საქმე.
თავიდანვე დავაზუსტებ, რომ ტერმინს ,,დენდროპარკი“, როგორც უწოდებენ დღეს ლაგოდეხში, ადგილს სადაც იდგა მლოკოსევიჩის სახლი, არ აქვს ისტორიული საფუძველი - თავად მლოკოსევიჩსაც არასდროს არ გამოუყენებია. სტატიებში და მონიშვნებში თავის ქმნილებას უწოდებს ,,ბაღს“, ასევე წერს: ,,ჩემს ბაღში“, ,,დავრგე ჩემს ბაღში“. ამიტომ მე ვემხრობი აზრს, რომ დასახელება ,,მლოკოსევიჩის დენდროპარკი“ უნდა შეიცვალოს ,,მლოკოსევიჩის ბოტანიკურ ბაღად“, როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სამინისტროს და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე საინფორმაციო სტენდზე, რომელიც დგას მლოკოსევიჩის საკარმიდამოს ყოფილი ტერიტორიის შესასვლელთან.
ჩვენი თანამედროვეთა მოგონებები
შოთა ერიაშვილს, (დაბ. 1938 წ.), ლაგოდეხის ნაკრძლის ყოფილ მეცნიერთმუშაკს ახსოვს, რომ მლოკოსევიჩის ყოფილ საკარმიდამოში იზრდებოდა ,,ორი მაგნოლია, თეთრი და წითელი (სულანჟა), დიდი იაპონური ხურმა და დიდი ბამბუკი*, რომელიც მთლიანად გადაშენდა, ხოლო ეხლა რომ ალაგ-ალაგ ამოდის ბამბუკი, ჩვეულებრივია, ყველგან იზრდება როგორც სარეველა“
(*აქ და შემდგომში მსხვილი შრიფტით გამოყოფილია ხეები და ბუჩქები, რომელიც სხვადასხვა დროს იზრდებოდა მლოკოსევიჩის საკარმიდამოში - პ.ზ.)
|
მლოკოსევიჩის საკარმიდამო ლაგოდეხში |
სტატიის ავტორი პეტრო ზგონნიკოვ (დაბ. 1949 წ.), ლაგოდეხში დაბადებული. კარგად მახსოვს ჩვეულებრივი ბამბუკის კორომი. 50-70 კვადრატული მეტრის ფართობი ჰქონდა და იზრდებუდა ზევით და მარჯვნივ იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობდა მლოკოსევიჩის შვილიშვილი ზოია (ადგილი სადაც მდებარეობდა მისი სახლი შეიძლება გვაჩვენოს ბევრმა ლაგოდეხელმა). ზოგიერთის ღეროს დიამეტრი 10-15 სანტიმეტრს აღწევდა. ზოია მლოკოსევიჩის (რომელიც კარგად, თუ ცუდად უვლიდა კორომს) გარდაცვალების შემდეგ კორომი მთლიანად იყო აჩეხილი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
ორი მაგნოლიისგან მახსოვს ერთი, ეს იყო მაღალი, 20-25 მეტრიანი ხე, რომელიც იდგა ბამბუკის კორომიდან სიახლოვეს, მდინარესთან. ყვაოდა ადრე გაზაფხულზე დიდი ღიავარდისფერი ყვავილებით, რომლებიც დიდ მანძილზე გარშემო ავრცელებდნენ ძვირფასი პარფიუმის სურნელს. დაკეტილ ოთახში მაგნოლიის სურნელი იწვევდა თავის ტკივილს, მშობლები ბავშვებს გვიკრძალავდნენ მის მოტანას სახლში, რითაც აღშობდბენ ჩვენში ყვავილების დაკრეფის ენთუზიაზმს. ვარაუდობ, რომ ეს იყო Magnolia grandiflora, რომელიც განადგურდა მეხის დაცემით 21 საუკუნის ორიათასიან წლებში.
ჩვენი, 50-იანი წლების მოზარდებში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა რკინის ხე (ხერკინა, Parrotia persica), ჩვენ გვეგონა რომ თუკი ხე რკინისაა, ეს ეეგი ათასობით ტონას უნდა იწონიდეს. იმის შესახებ, რომ ხეს ,,ხერკინა“ ჰქვია, გვიმბობდა ხეზე ჩამოკიდებული რკინის აბრა. იმ დროს ხე ძირთან იყო არაჩვეულებრივად დიდი, ნახევარი საუკუნის შემდეგ კი უფრო გაიზარდა.
ბორის ვიქტორის ძე მლოკოსევიჩი (1915-2005), ლუდვიგ მლოკოსევიჩის შვილიშვილი. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ლაგოდეხის ნაკრძლის ფლორის შესახებ რიგი ნაშრომების ავტორი. 1950 წლამდე მუშაობდა ლაგოდეხის ნაკრძლის დირექტორის მოადგილედ მეცნიერულ დარგში, მის შემდეგ რაც ნაკრძლის დოკუმენტაციის წარმოება დაიწყო ქართულად, ენის საკმარისად არცოდნის გამო გადავიდა იგივე თანამდებობაზე ზაქათლის ნაკრძალში (ქ. ზაქატალა, აზერბაიჯანის სსრ), შემდეგ იგივე თანამდებობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევით ტყის საცდელ სადგურიზე (АБНИЛОС, ქ. ოჩამჩირე, აბხაზეთის ასსრ).
ბორის ვიქტორის ძე გავიცანი 1987 წელს ოჩამჩირეში, სადაც მაშინ (და ცხოვრების უკანასკნელ დღემდე) მუშაობდა კვლევითი სადგურის დირექტორის მოადგილედ. საუბარში მისი ბაბუის, ლუდვიგ ფრანცეს ძე მლოკოსევიჩის შესახებ, ჩვენ დაგვებადა იდეა დაუბრუნოთ დენდროპარკს პირველადი იერი. ამ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ბორის ვიქტორის ძემ გამომიგზავნა წერილი (1) მის მიერ შედგენილი საკარმიდამოს გეგმით, რომელზეც დაიტანა ხეები ისე, როგორც მის მეხიერებაში იყო ჩარჩენილი. გეგმაზე მონიშნული იყო შემდეგი ხეები: იაპონური ხურმა, ლეღვი, ალვის ხე (ჩანდა ლაგოდეხის ყველა კუთხიდან), ცაცხვი, მაგნოლია, გინკგო (ginkgo biloba), პავლოვნია, იაპონური თუთა, ცხენის წაბლი, ბამბუკი (კორომი), ცალკე მდებარე ვაშლის და მსხლის ხეები, ფიჭვი, ლენქორანული ალბიცია, ორი კვიპაროზი, ორი მუხა, ხილის ბაღი.
ფიჭვი გეგმაზე მონიშნული იყო იმ ადგილზე, სადაც დღეს დგას ლიბანური კედარი. არ არის გამორიცხული, რომ ბორის ვიქტორის ძე კედარის ფიჭვად მოხსენიებისას გულისხმობდა მის ფიჭვთა ოჯახის კუთვნილებას.
|
მუშმულა სუბტროპიკული (Eriobotrya japonica). ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
გარდა ამისა ლუდვიგ მლოკოსევიჩისადმი მიძღვნის სტატიაში (2) ლაგოდეხის ნაკრძლის ველური ხეხილის შესახებ, ბორის ვიქტორის ძე აღნიშნავს, რომ მისმა ბაბუამ დარგო ლაგოდეხში ორი ამერიკული კაკალი (პეკანი) და ერთი შავი კაკლის ხე (Juglans nigra).
ნინა დიმიტრის ასული ტულაშვილი (დაბ. 1900 წ.) მლოკოსევიჩის შვილიშვილი, მისი შვილის ევგენიის და გორელი ბუღალტერის, დმიტრი ტულაშვილის შვილი. 1965 წელს გაზეთში ,,მოლოდიოჟ გრუზიი" გამოქვეყნდა ჟურნალისტი ლია ჯანელიძეს სტატია ,,ლუდვიგ მლოკოსევიჩის მემკვიდრეობა“ (3). ავტორი შეხვდა ნინა დიმიტრის ასულ ტულაშვილს, რომელმაც უამბო ჟურნალისტს, რომ ლუდვიგ ფრანცეს ძემ გაახარა ლაგოდეხში ისეთი იშვიათი ჯიშის ხეები როგორიც არის: ,,ბოჭკოვანი ბოყვი, კორპის მუხა (Quercus suber), ჰავაის მუხა ,, ამერიკული კაკალი შავი ბამბუკი, ასევე შემოიტანა და გაახარა ლაგოდეხში თეთრი აკაცია“
რეზიუმე. ჩვენი თანამედროვენის მოგონებებიდან ჩანს, რომ მლოკოსევიჩის საკარმიდამოში იზრდებოდა: ორი მაგნოლია სილანჟა (თეთრი და წითელი), შავი ბამბუკი, იაპონური ხურმა, ალვის ხე, ცაცხვი, გინგკო (ginkgo biloba), პავლოვნია, იაპონური თუთა, ლენქორანული ხერკინა (ბოკაუტი სპარსული პაროცია, ლათ. Parrotia persica), ცხენის წაბლი, ვაშლი, მსხალი, ფიჭვი, მაგნოლია, აბრეშუმა აკაცია (ლენქორანული ალბიცია, ლათ. Albizzia julibrissin), კვიპაროზი (ორი), მუხა (ორი), ამერიკული კაკალი (პეკანი), ბოჭკოვანი ბოყვი, კორპის მუხა (Quercus suber), ჰავაის მუხა, თეთრი აკაცია, შავი კაკალი (Juglans nigra).
მლოკოსევიჩის პუბლიკაციები
|
მარწყვის ხე (Cornus capitata) |
1869 წელს მლოკოსევიჩი დასახლდა ლაგოდეხში. ამავე წელს, ცნობილმა ბელგიურმა მოგზაურმა და ბოტანიკოსმა ვან-ვოლკსემმა აჩუქა მას ევკალიპტის (Eucaliptus globulus) თესლი ,,და შემომთავაზა ამ მცენარის კულტურით დავკავებულიყავი, თან უთქვამს, თუკი ევკალიპტი შეეგუება აქაურ კლიმატურ პირობებს, ეს იქნება მნიშვნელობანი შენაძენი ამ კუთხისთვის, რადგან მისი აზრით E. Globulus-ი ანადგურებს ჭაობის ციებ-ცხელებას“ (მალარია), რომელიც ლაგოდეხისთვის წარმოადგენდა ნამდვილ განსაცდელს. დათესვის სემდეგ მლოკოსევიჩმა მიიღო 1000 მეტი ევკალიპტის ახალგაზრდა ხე, მაგრამ ზამთარმა ყველა მათგანი გაანადგურა. ცდების ჩატარება გააგრძელა გარკვეული წლების მანძილზე, სანამ რიგი წარუმატებლობის შემდეგ არ მივიდა დასკვნამდე, რომ ,,ალაზნის ველის კლიმატი (სადაც მდებარეობს ლაგოდეხი) არ არის ხელსაყრელი E. Globulus-ის გამრავლებისთვის, არ აქვს მომავალი სადმე ამ მხარეში, ვინაიდან ყველაზე თბილ ადგილებშიც კი პერიოდულად დგება ცივი ზამთარი 10-12 გრადუსი ყინვით, ეს სიცივე კი საკმარისია რომ მოკლას ევკალიპტი, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მხოლოდ მინუს შვიდ გრადუსს“(4).
|
აბელია (აბელია ფლორიბუნდა) |
1876 წელს თავადი ილია ჩელოკაევის შეთავაზებით მლოკოსევიჩი ეწვია პარიზს სადაც გაეცნო ჩინური (Urtica nivea) და იავის (Urtica utilis) ჭინჭრების და სხვა ბოჭკოვანი მცენარეების მოყვანის თავისებურებებს, რომლთა გამოყენება იმ დროს დაიწყეს ქსოვილების წარმოებისათვის. დაბრუნდა ამაღლებული განწყობით, ენერგიულად დაიწყო აღნიშნული მცენარეების (რომლებშიც ხედავდა დიდ მომავალს) ლაგოდეხში მოყვანის პროპაგანდა: ,,ჩინური ჭინჭარი, განსაკუთრებულად კი ,,რამე“ (იავის ჭინჭარი (Urtica utilis) - პ.ზ.) წარმოადგენს მიწათმოქმედების პირველადი მნიშვნელობის საკითხს. არცერთ ბოჭკოვან მცენარეს, აბრეშუმსაც კი არ ექნება ისეთი მომავალი, როგორიც ექნება ,,რამე“-ს. მას შეუძლია გაიხაროს იქ, სადაც ბამბა, კანაფი, სელი უთმობენ მას ადგილს, როგორც მცენარეს, რომელიც ყოველმხრივ მათზე აღმატებულია“ (5).
1877 წელს მან თავის საკარმიდამოში ამ ჭინჭრების გამოყვანის ცდები დაიწყო, რომლებმაც დამაჯერებლად აჩვენეს, რომ ჭინჭარი შესანიშნავად უძლებს ლაგოდეხის ზამთარს. მოწონებული კულტურის მიმართ სიყვარული მლოკოსევიჩმა შეინახა მრავალი წლის მანძილზე. 1895 წელს, მისი ნაკვეთის შემოწმებისას, მიწისა და სახელმწიფო ქონების ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა დააფიქსირა საკარმიდამოში იავის და ჩინური ჭინჭრის პლანტაციების არსებობა. რიგი წყაროების მიხედვით, მლოკოსევიჩი ადგილობრივ მოსახლეობას ურიგებდა ჭინჭრის თესლსა და ნერგებს.
1878 წელს გაზეთში ,,კავკაზ" მლოკოსევიჩმა გამოაქვეყნა სტატია, ლაგოდეხში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ. სტატიაში საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ლაგოდეხში ,,ჩვეულებრივი ხეხილის გარდა... ზეთისხილი, ფისტა, ცერატონია (Ceratonia siliqua), ჩაის ბუჩქი, ლიმონიც კი, მართალია კასრებში, მაგრამ ჩვენს რეგიონში არსად ისე მდიდრულად არ იზრდება, როგორც ლაგოდეხში" (6).
ერთი წლის შემდეგ ,,საბუნებისმეტყველო მოყვარულთა კავკასიური საზოგადოებისა და ალპური კლუბის ცნობებში" გამოაქვეყნდა მლოკოსევიჩის სტატია ,,აღნიშვნები ლაგოდეხის სიახლოვეს არსებული პერიოდული ბუნებრივი მოვლენების შესახებ" (7), ბუნებაში განმეორებად მოვლენებზე მისი ცხრაწლიანი (1869-1877) დაკვირვების შედეგი - ყვავილებისა და ხეების ყვავილობა, ფრინველთა მიგრაცია, ზამთრის შემდეგ პეპლების პირველი გამოჩენა და გუგულის პირველი შემოძახილი, თოვა და ხეებზე კვირტების გამოსვლა. აღნიშვნებში ავტორმა ასევე ჩართო თავის ბაღში მზარდ ხეებზე და ყვავილებზე დაკვირვება, რომელიც ტექსტში მითითებულია შენიშვნით "ბაღში".
წარმოგიდგენთ სტატიის შესაბამის ამონარიდებს:
|
ცერატონიას მომწიფებული ნაყოფი (Ceratonia siliqua) |
"1869-ე წელი. 23 აპრილი. "Sambucus nigra (შავი ანწლი) და Broussonetia papirifera (ბაღში) აყვავდა". Broussonetia papirifera არის იაპონური ქაღალდის ხე ან იაპონური თუთა. ბორის ვიქტორის ძე მლოკოსევიჩის მიერ შედგენილ საკარმიდამოს გეგმაზე, Broussonetia papirifera მითითებულია როგორც ,,იაპონური თუთის ხე".
"1869-ე წელი. 12 აგვისტო. აკაციამ Acacia Julibrissin (ბაღში) დაასრულა ყვავილობა".
Acacia ან Albicia Julibrissin, რუსულად - აკაცია ლენქორანის, ასევე აკაცია სპარსული, კონსტანტინოპოლის, აბრეშუმის, აბრეშუმის ხე და ჩინური ქოლგა. ლუდვიგ მლოკოსევიჩი თავის შენიშვნებში რამდენჯერმე ახსენებს ამ ხეს, იყენებს ორ დასახელებას, ბოტანიკურს (Acacia Julibrissin) და საყოფაცხოვრებოს ("აბრეშუმის აკაცია").
,,1870-ე წელი. 20 მაისი. ხურმა (Diospyros Lotus) და ყურძენი (Vitis vinifera) აყვავდა".
Dyospyros Lotus არის კავკასიური ან ჩვეულებრივი ხურმის სამეცნიერო სახელი, ადგილობრივი ველური ჯიშის ხურმა, რომელიც ყველგან იზრდება ლაგოდეხის ხეობაში. ბორის ვიქტორის ძე მლოკოსევიჩის მონაცემების თანახმად, 1962 წელს ლაგოდეხის ნაკრძალში ამ სახეობის 500-მდე ხე დაითვლებოდა, "ყველაზე მეტად - აღნიშნავდა ავტორი - [ეს] ხურმა გვხვდება [მლოკოსევიჩის] დენდრობაღის მიდამოებში, სადაც უხვად მსხმოიარე დიდი ხეები იზრდება" და "აქვე შეინიშნება ინტენსიური განახლება თვით დათესვის სახით, განსაკუთრებით დედა ხეების მახლობლად" (2).
ამჟამად კავკასიური ხურმის გიგანტური ეგზემპლარი დენდროპარკის შესასვლელიდან 20 მეტრში იზრდება, მისი დიამეტრი მეტრზე ნაკლებია. 2018 წლის დეკემბერში ვნახე ეს ხურმა, მაშინ მისი ტოტები მჭიდროდ იყო დაფარული პატარა, მუქი იასამნისფერი ნაყოფით და ხის გარშემო მიწა დაფარული იყო მისი თხელი ფენით.
"წელი 1871. 17 მარტი. Forsitia (ბაღში) აყვავდა". უკვე მარტში, თოვლის დნობასთან ერთად, ფორზიციის კაშკაშა-ყვითელი ყვავილები მჭიდროდ ფარავენ ბუჩქის ტოტებს, არ ტოვებენ ყვავილებს შორის თავისუფალ ადგილს. ფოთლები ჩნდებიან მოგვიანებით, ყვავილობის დასრულების შემდეგ. ამჟამად დენდროპარკის ტერიტორიაზე ფორზიცია არ იზრდება
,,24 მარტი. ალუბალი (ბაღში) აყვავდა".
|
პავლოვნია (Paulownia imperialis). ლაგოდეხი, 2019. ავტორის ფოტო |
,,23 აპრილი. Paulownia imperialis (ბაღში) აყვავდა". პავლოვნიამ ლაგოდეხში მეორე სამშობლო მოიპოვა. იგი სწრაფად გავრცელდა ხეობაში, დაიკავა ძირითადად კარგად განათებული რიყიანი ადგილები ლაგოდეხის ხევთან, რომელიც მიედინება მლოკოსევიჩის ყოფილი საკარმიდამოს მახლობლად. ერთ დროს სატყეო მეურნეობის საქმის სპეციალისტები გამოხატავდნენ უკმაყოფილობას, თითქოს და მლოკოსევიჩმა მთელი ნაკრძალი თავისი პავლოვნიით დააბინძურა, მაგრამ ეს გაზვიადებაა – პავლოვნია სინათლის მოყვარულია და შესაბამისად, ადგილობრივ მაღალ და ჩრდილიან ტყეში მხოლოდ იშვიათი ერთჯერადი ნიმუშები გვხვდება.
ბოლო 10-20 წლის განმავლობაში პავლოვნია ძალიან პოპულარული გახდა. ლაგოდეხში და საქართველოს სხვა რეგიონებში დაიწყო პავლოვნიას პლანტაციების მოშენება, მისი მერქანი ძალიან ლამაზია და მსუბუქი, ფართოდ გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. პავლოვნიას ნერგები ლაგოდეხიდან ასობით და ათასობით გადის ქვეყნის სხვა რეგიონებში.
"24 აპრილი. ბაღის ვარდი აყვავდა.
12 მაისი. ... ტიტების ხე (Liriodendron Tulipifera) აყვავდა.
15 მაისი. Gleditschia triacanthos (ბაღში) ყვავის.
23 მაისი. Bignonia Catalpa და თეთრი ლილია (ბაღში) ყვავის.
1873 წლის 22 ოქტომბერი. ლიმონი [ქოთნებში] შემოტანილია ოთახში.
1876 წლის 24 დეკემბერი. ლიმონი [ქოთნებში] შემოტანილია ოთახში.
1877 წლის 2 მარტი. ლიმონი [ქოთნებში] გამოტანილია"
მიმაჩნია, რომ ლაგოდეხში ქოთნებში ლიმონების მოყვანის კულტურა მლოკოსევიჩის ბავშვობის შთაბეჭდილებების წყალობით გაჩნდა. როდესაც ის ძალიან პატარა ბიჭი იყო, მამამისის, გენერალ ფრანტისეკ მლოკოსევიჩის საკარმიდამოში, ომიენჩინაში, სათბურში ქოთნებში 60 ლიმონის ხე იზრდებოდა. ამგვარად, ლუდვიგმა ბავშვობიდან შეიტყო ლიმონის ხეების სილამაზე, მოგვიანებით კი სარგებელიც, რამაც გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ლაგოდეხში დასახლების შემდეგ, შეუდარებლად უფრო ხელსაყრელ კლიმატში, მლოკოსევიჩმა დაიწყო მათი მოშენება. მისი დაკვირვებით, ლაგოდეხის კლიმატი არ არის შესაფერისი ნიადაგში ლიმონების მოსაყვანად, რადგან სხვადასხვა წლებში ტემპერატურა აქ მინუს 12-მდე ეცემოდა, ამიტომ ლაგოდეხში მათი მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ქოთნებში.
|
ლიმონი ქოთანში. ავტორის ფოტო |
მლოკოსევიჩის დროს ლაგოდეხში ლიმონის გაშენებამ მიიღო დიდი მასშტაბი, იგი წერდა რომ ლიმნის ხეები ,,გააქვთ აქედან... ჩვენი მხარის სხვადასხვა ადგილებში, ლიმონი კი იყიდება ტიფლისში და ახლომდებარე ქალაქებში“ (5).
ჩემს მეხსიერებაში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ლაგოდეხის თითქმის ყველა სახლში მოყავდათ ლიმონი ქოთნებში. ქოთნები ხის იყო, სახელურებით, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო გაზაფხულზე ეზოში გატანა და შემოდგომაზე სახლში დაბრუნება. ახალი წლისთვის მარადმწვანე ლიმონის ხეს ნაძვის ხესავით რთავდნენ. ლიმონების მოსავალი მცირე იყო, არ იყო საკმარისი ყოველდღიური გამოყენებისათვის, ამიტომ ინახავდნენ და მოიხმარდნენ გაცივების შემთხვევაში ან სვამდნენ ჩაისთან ერთად განსაკუთრებულ დღესასწაულებზე.
ახლა ლაგოდეხში ლიმონი ქოთნებში თითქმის აღარ დარჩა.
1882 წლის 20 ოქტომბერს გაზეთში ,,კავკაზ" გამოაქვეყნა მლოკოსევიჩის სტატია ლაგოდეხის კლიმატის თავისებურებების შესახებ (8). იგი წერდა, რომ ადგილობრივი კლიმატის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა მისი არათანაბრობა, როდესაც გაზაფხულობით დამკვიდრებული სითბოების დროს მოულოდნელად მოყინავდა ხოლმე, რასაც დამღუპველ გავლენას ახდენდა სხვადასხვა კულტურებზე: "... ოლეანდრმა, ჩემს მიერ საცდელად ნიადაგში დარგულმა, 1859 წელს, მშვენივრად გაიხარა ზამთარში ყოველგვარი დაცვის გარეშე. მალევე არ არსებობდა ბაღი, სადაც არ იყო ამ მცენარის უზარმაზარი და მდიდრული ბუჩქები. 1874 წელს მარტის ყინვის დროს ყველა ბუჩქი განადგურდა, იმ დროიდან ოთხჯერ ვცადე ოლეანდრის მოყვანა ნიადაგიდან, მაგრამ ამაოდ, ყოველ ჯერზე ბუჩქები გაზაფხულზე იყინებოდნენ. როზმარინმაც იგივე ბედი გაიზიარა. ზამთრისთვის არასდროს ამოღებულა გეორგინები, ეხლა კი მათი ძირითადი ნაწილი იყინება, დიდი რაოდენობიდან შემორჩენილია ძალიან ცოტა".
აქვე აღნიშნავს, რომ ,,თრიმლი და თუთუბო [ყინვებისგან] ... ნაკლებად დაზიანდა". თრიმლის არაადგილობრივი წარმოშობის შესახებ გვეუბნება ის ფაქტი, რომ იგი იზრდებოდა მლოკოსევიჩის საკარმიდამოში და ლენკორანის აკაციასთან ერთად თვითნებურად იყო გაჩეხილი ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ (იხ. ქვევით) ზეიმის მოსართავად. თუთუბო ტრიმლის მსგავსად მიეკუთვნება იგივე თუთუბოსებრთა ოჯახს და მოხსენებულია მლოკოსევიჩის მიერ ერთ სტროფში, საიდანაც მე გავაკეთე დასკვნა, თუთუბო ასევე იყო დარგული მის მიერ აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული ცდებისთვის.
|
ოლეანდერი (Oleander nerium). ლაგოდეხში ყველგან იზრდება |
დღესდღეობით ოლეანდრი ლაგოდეხში გავრცელებული ჩვეულებრივი დეკორატიული ბუჩქია, მისი ბუჩქები ქალაქის და რაიონის სოფლების მრავალი მაცხოვრებლის ეზოებში ჩანს. როზმარინზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, ლაგოდეხში არასდროს მინახავს. მიწაში დარჩენილი გეორგინების ტუბერები, არ იყინებიან რამდენიმე წლის მანძილზე, მაგრამ ადგილობრივები მაინც ცდილობენ მათ შენახვას ზამთარში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი წლების მანძილზე ამ ელეგანტური ყვავილების შეგროვებული კოლექციის ზამთრის ერთ ცივ ღამესი დაკარგვისა. 50-60-იან წლებში, გეორგინები წარმოადგენდნენ თითქმის ყველა რუსულ სახლთან არსებული ბაღის ატრიბუტს. თრიმლი და თუთუბო ლაგოდეხში არ მინახავს.
1890 წლის 4 მაისს მლოკოსევიჩმა სოფლის მეურნეობის საიმპერატორო კავკასიური საზოგადოების მდივნისგან მიიღო ამანათი სორგოს Holcus saccharatus და ჯუტის Corchorus textilis თესლით, ხოლო რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო ქონების სამინისტროდან ამანათი ასევე ჯუტის თესლით და დათესა ,,მცენარეებზე სამეცნიერო ცდების წარმოებისთვის... ყველაზე მცირე რაოდენობით, თავის ბაღში ლაგოდეხში" (9).
ამ კულტურებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჯუტის გახარება ლაგოდეხში სრულიად შესაძლებელია, მაგრამ მლოკოსევიჩი ვერ ხედავდა მისი სამრეწველო მოცულობით გაშენების პერსპექტივებს ორი მიზეზის გამო.
ეკონომიკური მიზეზების გამო: ,,დღეის მდგომარეობით, როდესაც თამბაქოს მეურნეობა ყველას იზიდავს თავისი შესანიშნავი მომგებიანობით და კარგ მოგებას აძლევს გაჭირვებულ ადამიანთა მასას, ნაკლებია იმის ალბათობა თუ ვინმე დაინტერესდება ჯუთით". კლიმატური და გეოგრაფიული მიზეზი: ,,ადგილობრივებისთვის ეჭვგარეშეა ის გარემოება, რომ ლაგოდეხის სიახლოვეს თამბაქოს პლანტაციების განვითარებასთან ერთად კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (რეგიონის განვითარებამდე ტერიტორია ლაგოდეხიდან ალაზანამდე იყო ძლიერ დაჭაობებული - პ. ზ.) ხოლო ჯუტი, რომელიც ბრინჯის მსგავსად ითხოვს მუდმივ ტენიანობას, თავის დანიშნულებით უფრო ახლოს არის ამიერკავკასიის დასავლეთი ნაწილისთვის და ლენკორანის მაზრისთვის, ზღვის სანაპიროს მახლობლად, ვინაიდან მისი ბოჭკო ძირითადად გამოიყენება გემის თოკები და იალქნების წარმოებისთვის".
ლაგოდეხში ჯუტის გაშენების პიონერი იყო მლოკოსევიჩი, რაც შეეხება სორგოს, პირველებმა, მისი თქმით, რეგიონში მოყვანით დაკავდნენ სოფ. ნოვო-მიხაილოვკას (შემდგომში სოფ. ბუდიონოვკა, დღეს სოფ. ნინიგორი, მდებარეობს ლაგოდეხიდან 5 კილომეტრში - პ.ზ.) მკვიდრნი: ,,ამასთან საჭიროდ მიმაჩნია მოგახსენოთ, რომ უკვე რამდენიმე წელია ნოვო-მიხაილოვკის რამდენიმე მკვიდრს თავიანთ ბოსტნებში მცირე ოდენობით მოყავთ სორგო, მაგრამ სავარაუდოდ უცოდინარობის გამო საკვებად მას არ მიირთმევენ, ხოლო ღეროების მოჭრის შემდეგ ამზადებენ ცოცხებს, თესლს კი აჭმევენ შინაურ ფრინველს რომელსაც ის ძალიან მოსწონს“.
|
სორგო (Sorghum). ფოტო Greg Goebel |
ლაგოდეხში კი სორგოს მოყვანა პირველმა დაიწყო მლოკოსევიჩმა რომელიც ნოვო-მიხაილოვკის მკვიდრებისგან განსხვავებით, ამ კითხვას უფრო ფართო პოზიციებისგან უყურებდა: "სასურველი იქნებოდა სორგოს გაშენების დეტალური აღწერა გამოგეგზავნათ, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება საკვებად და რა მიზნებისთვის კიდე შესაძლებელია მისი გამოყენება“.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში სორგო ჯერ კიდე პოპულარული იყო ლაგოდეხში. მცირე რაოდენობით მოყავდათ ძირითადად რუს მაცხოვრებლებს თავის საოჯახო მეურნეობის საჭიროებისთვის. ამზადებდნენ ცოცხებს და იყენებენ შინაური ფრინველის საკვებად. თესლ-მარცვლებით მოფენილ, მომწიფებულ მცენარეებს ამუშავებდნენ შემდეგნაირად: გამხმარი ღეროების კონას გაუყრიდნენ ლითონის ვედროს სახელურში რომელსაც ძლიერად აწვებოდნენ, ხოლო კონას თავისკენ ექაჩებოდნენ; მარცვალი ღეროებიდან წყდებოდა და ცვიოდა ვედროში. გასუფთავებული ღეროებისგან ამზადებდნენ ცოცხებს რისთვისაც იგივე ვედროს იყენებდნენ. ეს ხელობა მე ვერ ვისწავლე, მამაჩემი, რომელიც ამ საქმის ოსტატი იყო, ცდილობდა მესწავლა, მაგრამ ცუდი მოსწავლე გამოვდექი.
ხუთი - ექვსი ცოცხი რჩებოდა სახლში, სორგოს მოსავლის შემდეგ მოსავლამდე საკმარისზე მეტი იყო. ზედმეტი, თუ მასეთი არსებობდა გაიჩუქებოდა ან გაიყიდებოდა. სორგო ცოცხებზე ლაგოდეხში და მეზობელ რაიონულ ცენტრებში იყო დიდი მოთხოვნა. სორგოს თესლს შეურევდნენ სიმინდს და ხორბალს, ასეთი საკვები ძალიან მოსწონდათ ქათმებს რომლებიც თავიდან კენკავდნენ სორგოს თესლს და შემდეგ გადადიოდნენ მათთვის ჩვეულ საკვებზე.
|
შოიზია (Shoisia trenata) |
1891 წელს, სტატიაში ,,გასულ ზამთარი ლაგოდეხში" (გაზეთი ,,კავკაზ“ N117), მლოკოსევიჩი წერს 1890 წელს მის მიერ ჩატარებული აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული ცდების შესახებ: ,,როგორც აკლიმატიზაციის მოყვარული, მე ყოველწლიურად ვატარებ ცდებს უცხოურ მცენარეებზე, რომლებიც წარმოადგენენ რამენაირ მნიშვნელობას. იმედი მაქვს, რომ როდისმე ჩემს მიერ მონიშნული ფაქტების ერთობლიობა დააინტერესებს სპეციალისტებს და მიიყვანს მათ კარგ შედეგებამდე. ჯერ კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ბაღში პირველად დარგულმა მერქნის შემდეგმა სახეობებმა შესანიშნავად გადაიტანეს ლაგოდეხის ზამთარი ყოველგვარი დაცვის გარშე (მათ დიდი ნაწილი გამოწერილია ბაღიდან ,,ფლორა“ (საბაღე მეურნეობა ქ. სოხუმი - პ.ზ.): აბელია (Abelia floribunda; სამშობლო მექსიკა), არაუკარია (araukaria imbricata; სამშობლო ჩილე), კოწახური (Berberis Darwinii; სამშობლო პატაგონია), ბენთამია (benthamia fragthamia; სამშობლო ნეპალი) კამელია (camellia japonica; სამშობლო იაპონია), შოისია (Choissia ternata; სამშობლო მექსიკა), ginerium (Ginerium argenteum; სამშობლო ბუენოს აირეს), კორპის მუხა (Quercus suber; სამშობლო ევროპის სამხრეთით*), ჩაის ბუჩქი (Thea bohea ჩინეთი), ძახვლი (Viburnum odoratissima; ჩინეთი). ევკალიპტი (Eucaliptus globulus და Eucalipt. Amagdalina ავსტრალია), გასული წლის აპრილში დათესილი, როგორც ჩანს, განადგურდა, ფესვიდან თუ მოგვცემს ყლორტს. გაზაფხულისთვის ნახევრად განადგურებული აღმოჩნდა ოლეანდრიც (Nerium oleander; ინდოეთი და ჩინეთი), რომელიც ლაგოდეხში უწინ კარგად იზრდებოდა დიდი რაოდენობით" (10).
ზემოაღნიშნული სახეობებიდან ლაგოდეხში ჩემთვის ცნობილია ჩაის ბუჩქი რომელიც იზრდება ნაკრძალის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე და კორპის მუხა.
კორპის მუხის პატარა ხეივანი გასული საუკუნის 60-70 წლებში მდებარეობდა ზაქათლის გზატკეცილისა და ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ეს არის ქალაქის სამხრეთი ნაწილში, მლოკოსევიჩის ყოფილ საკარმიდამოდან დაახლოებით 1.5 კილომეტრი. გამიგია, რომ ხეივანი დარგული იყო მლოკოსევიჩის სიძის, დმიტრი ტულაშვილის მიერ, მაგრამ ამის რაიმე მტკიცებულება ნაპოვნი ვერ იქნა. 2012 წლის დეკემბერში შევისწავლე კორომი, მაშინ იქ იზრდებოდა სამი დიდი ნიმუში, რომელთა დიამეტრი 60-80 სანტიმეტრი იყო, ასევე იდგა ერთი მოჭრილი ხის მორი რომლის დიამეტრი იყო დაახლოებით 40-50 სანტიმეტრი. აგვისტოს შუა რიცხვებში ლაგოდეხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუხები ბოლო 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდნენ, შესამჩნევად გაიზარდნენ, ყველაზე დიდი დიამეტრში 100 სანტიმეტრს აღემატება.
|
იაპონური ხურმა (Diospyros kaki). ფოტო Andrey K |
1892 წელს კორესპონდენციაში ,,ახალი მიმოხილვა" მლოკოსევიჩი გვიზიარებს ლაგოდეეხში იაპონური არალიის აკლიმატიზაციის გამოცდილებას (11). 1889 წელს მან ბაღში დარგო არალიის (Aralia japonica) ორი ხე, რომელიც პირველად აყვავდნენ 1891 წლის 30 ივლისიდან სექტემბრამდე. მლოკოსევვიჩის აზრით ასეთი ხანგრძლივი ყვავილობა იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან არალია ყვავის აგვისტოში, როდესაც სიცხეების გამო თაფლის სხვა მცენარეები ლაგოდეხში ყვავილობას ამთავრებენ, რის შედეგადაც ზოგიერთი ფუტკარი იღუპება, ზოგი კი ტოვებს სკას და გადადის ტყეში უკეთესი ადგილების სანახავად. ამავდროულად, არალია არის შესანიშნავი თაფლის მცენარე, რაშიც მლოკოსევიჩი თავად დარწმუნდა, როცა აკვირდებოდა თუ როგორ ეხვეოდა ფუტკარი არალიას აგვიტოს თვეში, მისი ყვავილობის მთელ პერიოდში. ,,ბატონებო მეფუტკრეებს" უწევს რეკომენდაციას უკეთ შეისწავლონ ფუტკრისთვის ასე საყვარელი არალია, მით უმეტეს, რომ ეს ხე არის ძალიან დეკორატიული და შესანიშნავად უძლებს ადგილობრივ კლიმატს. მლოკოსევიჩი ურჩევს მეფუტკრეებს დარგონ არალია საფუტკრეების გარშემო ,,მნიშვნელოვანი სარგებელს მოუტანს ფუტკარს, მისთვის ყველაზე რთულ პერიოდში".
1891 წელს მლოკოსევიჩმა თავის საფუტკრეზე იაპონური ხურმა Diospyros Kaki (12) დარგო. ამის შესახებ წაიკითხა ,,Revue de la Societe'd Acclimatation"-ში და დაასკვნა, რომ თუ ხურმა მშვენივრად ხარობს საფრანგეთის სამხრეთის კლიმატში, ,,...მაშინ, ალბათ, ლაგოდეხის კლიმატიც მისთვის მტრული არ იქნება." გამოიწერა იმ დროისთვის ცნობილ, სოხუმის საბაღე მეურნეობიდან ,,ფლორა" ერთი ნერგი, რომელმაც 4 წელიწადში 16 ნაყოფი გამოიღო. მაგრამ ერთხელ კამეჩებმა დაანგრიეს ღობე, შეაღწიეს ბაღში და შეჭამეს ყველა ნაყოფი, შემთხვევით დატოვეს ერთი, რომელიც სრულად მომწიფდა. ადგილობრივები, რომლებმაც შეიტყვეს, რომ მლოკოსევიჩთან იზრდებოდა ასეთი დიდი ხურმა ,,მოდიოდნენ სანახავად და ყველას აოცებდა თავისი დიდი ზომებით; გასაკვირი არ იყო, ვინაიდან ყველა იყო დარწმუნებული, რომ ადგილობრივი ხურმის Diospyros lotus გარდა სხვა ჯიშები არ არსებობს, ხოლო ადგილობრივი ხურმა იაპონურ ხურმასთან გამოიყურებოდა როგორც ჯუჯა გოლიათთან."
თავის დაკვირვების შედეგების შეჯამებისას, მლოქსევიჩი წერს, რომ იაპონური ხურმა, ,,ეს ძვირფასი ჯიში", შეიძლება გაიზარდოს ალაზნის ხეობაში, განსაკუთრებით მის ქვედა და მეტად თბილ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
დღესდღეობით იაპონური ხურმა იზრდება ყველგან, ლაგოდეხიდან დაწყებული, სადაც ხშირად გვხვდება ეზოებში, ალაზნის ხეობის სამხრეთით მდებარე სოფლებამდე. მისი მოსავლიანობა იმდენად დიდია და მოთხოვნა იმდენად მცირე, რომ ხილი ხეებზე რჩება ახალ წლამდე, სანამ არ დაესევიან შაშვები, ხურმის დიდი მოყვარულები, და ერთ-ორ დღეში შეჭამენ ნაყოფს.
|
ლენქორანული ალბიცია (Albizia Julibrissin) |
გაზეთში ,,კავკასიის სოფლის მეურნეობა“ (13), 1902 წელს ამინდის შესახებ მლოკოსებიჩმა აღნიშნა, რომ აპრილში, უეცარი აცივების გამო განადგურდა კიტრის აღმონაცენი, საზამთრო, ნესვი, დაზიანდა ალუბლის და ბალის კვირტები, ,,...ატამი ზოგიერთ ხეზე თითქმის აღარ არის, ზოგზე კი, განსაკუთრებით იმაზე, რომელიც დგას დიდი ხეების დაცვის ქვეშ, არის ბევრი. იგივეა მსხალიც: ზოგიერთ ხეზე თითქმის აღარ დარჩა, სხვაზე კი, როგორც მაგალითად ჩემთან ადგილობრივი ვანდამის ჯიშის მსხალზე (ზამთრის მსხალი იწონის 3 ფუნტს) (1400 გრ. - პ.ზ.), ნაყოფი ძალიან ბევრია".
1896 წელს გაზეთში ,,კავკასიის სოფლის მეურნეობა“, სტატიაში ,,ამიერკავკასიაში წყალდიდობების შესახებ“ მლოკოსევიჩი გამოთქვამს თავის მოსაზრებას - სტიქიური უბედურებების შესახებ ,,წელს მომხდარის და ამიერკავკასიისთვის უთვალავი ზიანის მიმყენებელს... გამანადგურებელი ბუნებრივი მოვლენების საწინააღმდეგო ზომების მითითებით, რომლებიც შესაძლოა კვლავ არაერთხელ გამეორდეს“ (14).
მლოკოსევიჩის აზრით, 1896 წელს ლაგოდეხში მომხდარი ბუნებირივი მოვლენების (ოთხი ძლიერი წყალდიდობა და სამჯერ სეტყვა) გამომწვევ მიზეზთა შორის, არის ადგილობრივი გლეხების უმეცრება: ,,...ნათელი ხდება, რომ ტყეს ადგილობრივებისთვის არ აქვს არანაირი კლიმატური მნიშვნელობა, არ იცავენ მას, ვინაიდან არ ადარდებთ მომავალი; ამიტომ ყოველთვის ეპყრობიან ტყეს უმეცრეო სისასტიკით“ - ,,ასე მაგალითად, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომას იჩეხება კაკლის, ხურმის და წაბლის დიდი ხეები - მხოლოდ იმისთვის, რომ ადვილად დაიკრიფოს ნაყოფი“.
მაგრამ ბუნების მიმართ უმეცრება მარტო გლეხებით არ შემოიფარგლება: ,,ჩვენი ინტელიგენციაც ბუნების მიმართ სიყვარულს გამოხატავს უცნაური ფორმით: სულ ერთია ლხინია თუ ჭირი - ექსტაზის გაძლიერებისთვის საჭიროა გამწვანება, სურო, პატარა ხეები. სასიამოვნო იქნებოდა ასეთი ცოცხალი ეგზოტიკური დეკორაციების ხილვა, რომ ყოფილიყო ეს გამწვანება გამოტანილი ორანჟერიიდან და გადარჩენილიყო ცოცხალი მეჯლისის, პიკნიკის, ქორწილისა თუ დაკრძალვის შემდეგ. მაგრამ ეხლა პუბლიკა მხიარულობს და ცეკვავს გვამების გარშემო, რომლებიც უდანაშაულოდ შეეწირნენ დღესასწაულებს, რომელიც წელიწადის განმავლობაში ბევრია“.
|
დარვინის კოწახური |
ნათქვამის ილუსტრირების მიზნით მოყავს მაგალითი თავის გამოცდილებიდან: ,,ასე მაგალითად 1859 წელს ლაგოდეხში მოვაშენე უამრავი კვიპაროზი, პირამიდალური და ჰორიზონტალური. აქაურ პარკში შევქმენი კვიპაროზის ხეივანი, გარდა ამისა ვაძლევდი კვიპაროზს ყველას, ვისაც კი გააჩნდა სურვილი გაელამაზებინა თავის ბაღი... მაგრამ სამწუხაროდ ყველა კვიპაროზი გამოიყენეს საშობაო ნაძვებად და აღარ დარჩა არც ერთი მთელი ეგზემბლარი შემდგომი ცდებისათვის“.
და შემდეგ: ,,იგივე ისტორია განმეორდა არყის ხის მიმართებით: ლაგოდეხის პოლკის პარკისთვის, სადაც მოვაქუჩე ყველა ადგილობრივი მცენარე, აქაური ქვედა ალპური ტყიდან ვიშოვე 300 ძირი... თავიდან იზრდებოდნენ კარგად, მაგრამ შემდგომში, ერთი შემოღობილი ძირის გარდა ყველა იქნა ამოჩეხილი სულთმოფინების დღესასწაულისთვის. არა და სულთმოფინებისთვის გამოდგებოდა ყველა სხვა ნებისმიერი ხე, მთავარია ყოფილიყო სწორი და ლამაზი. ერთხელ მასეთი შელამაზებისთვის ჩემს ბაღში თვითნებურად მოჭრეს თრიმლის (Rhus cotinus) და მიმოზის (Mimosa Julidrissin) ლამაზი ბუჩქები".
დღეს ლაგოდეხში კვიპაროზი და არყის ხე აღარ დარჩა. აღარ არის თრიმლიც - ლამაზი დეკორატიული ხე, რომლის ყვავილები წააგავს ვარდისფერ ღრუბლებს. ძველი გაუბედურებული მაგრამ ჯერ კიდე ცოცხალი კვიპაროზის ხე ბოლოს ვნახე 50-იან წლებში კერძო სახლის ეზოში 26 კომისრების (ვაჟა ფშაველას) და შრომის (რობაქიძის) ქუჩების გადაკვეთაზე.
მიმოზის (Albicia) Julibrissin დიდი ეგზემპლარი დღემდე იზრდება დენდროპარკში. სამი წლის წინ მის გარშემო ვნახე უამრავი აღმონაცენი, ცალკეული აღმონაცენი მხვდებოდა დენდროპარკიდან 300-500 მეტრშიც კი. შესამჩნევი გავრცელება როგორც დეკორატიული ხე ალბიციამ ლაგოდეხში ვერ მოიპოვა.
რეზიუმე. მლოკოსევიჩის პუბლიკაციების მასალებიდან ჩანს, რომ მის საკარმიდამოში იყო დარგული და იზრდებოდა: ზეთისხილი (ზეთისხილის ხე), ფისტა, ცერატონა (Ceratonia siliqua), ჩაის ბუჩქი, ლიმონი (ქოთანსი), იაპონური თუთის ხე (Broussonetia papirifera), Acacia Julibrissin, არალია (Aralia japonica), იაპონური ხურმა (Diospyros Kaki), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus), ალუბალი, ფორსიტია, პავლოვნია (Pawlownia imperorghisatus), სორგო (Holcus saccharatus), ჯუტი (Corchorus textilis), ოლეანდრი, როზმარინი, გეორგინა, ევკალიპტი (Eucaliptus globulus et eucaliptus amagdalina), ბაღის ვარდები, ტიტების ხე (liriodendron Tulipifera), გლედიჩია (Gleditschia Triacanthos), კატალპა (bignonia Catalpa), თეთრი ლილია, ვანდამის მსხალი, პირამიდული და ჰორიზონტალური კვიპაროზი, თრიმლი (scumpia vulgaris), თუთუბო, ჩინური ჭინჭარი (Urtica nivea), იავის ჭინჭარი (Urtica utilis), აბელია (Abelia floribunda), არაუკარია (Araukaria imbricata), კოწახური (Berberis Darwinii), ბენთამია (Benthamia fragifera), კამელია (Camellia japonica), შოისია (Choissia ternata), ginerium (Ginerium argenteum), კორპის მუხა (Quercus suber), ჩაის ბუჩქი (Thea bohea ), ძახვლი (Viburnum odoratissima).
მლოკოსევიჩის თანამედროვეთა მოგონებები
|
ლირიოდენდრონი ან ტიტების ხე (Liriodendron) |
1900 წელს 5 ივლისიდან 15 ივლისამდე მლოკოსევიჩთან სტუმრობდა იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის ასისტენტი, წარმოშობით პოლონელი, 25 წლის ბოლესლავ გრინივეცკი, მომავალში ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ფლორის ადგილობრივი ნიმუშების შეგროვების მიზნით იგი გაემგზავრა გრაფინია ე.პ. შერემეტოვის დავალებით და დაფინანსებით. სოფ. კარდენახში, სადაც მდებარეობდა გრაფინიას სასახლე თავის სამუშაოს დასრულების შემდეგ, პროფესორი ნ.ი. კუზნეცოვის თხოვნით ბ. გრინივეცკი გაემგზავრა მლოკოსევიჩთან ლაგოდეხში.
1949 წელს გრინივეცკიმ კრაკოვის ჟურნალში Wierchy (15) გამოაქვეყნა თავისი მემუარები მლოკოსევიჩის შესახებ. სტატიაში ბოტანიკური ბაღის შესახებ ინფორმაცია არ არის, სტუმრის ყურადღება უფრო მეტად მიიზიდა ტიფლისი გრენადერთა პოლკის ბაღის ისტორიამ (პოლკის ბაღი), რომელსაც მლოკოსევიჩმა საფუძველი ჩაუყარა პოლკში სამსახურის დროს: ,,პარკი მლოკოსევიჩმა შემოარტყა ალვის ხეებით. პარკში ბევრი ძვირფასი ხე დარგო, რომლებიც მან საზღვარგარეთიდან გამოიწერა, დარწმუნებული იყო, რომ ლაგოდეხის პირობებში ისინი მშვენივრად განვითარდებიან. პარკში იყო ცნობილი ამერიკული ხეების ნიმუშები როგორიცაა ტაქსოდიუმი (Taxodium), მარადმწვანე სეკვოია (Sequoia) ლირიოდენდრონი (Liriodendron), დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiosa), იაპონური გინკო (Gīnkgo) და მაგნოლია Julans, გარდა ამისა, უთხოვარი (Taxus), ეფედრა (Ephedra) და მრავალი სხვა."
ლაგოდეხში გრინივეცკის ყოფნის დროს პარკი სავალალო მდგომარეობაში იყო: გზებზე იყო ამოსული ბალახი, ჯარისკაცები ჭრიდნენ ხეებს, ყველგან სუფევდა გაპარტახება და ნგრევა.
1959 წელს, მლოკოსევიჩის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით ,,ტყის ჟურნალში“ გამოქვეყნდა სტატია ,,კავკასიის მკვლევარი, ლ. ფ. მლოკოსევიჩი" (16), ავტორი, პ. ვოიჩალი წერდა, რომ მლოკოსევიჩი, მეტყევის მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა ტყის გაშენების პიონერი, ლაგოდეხში შექმნა [პოლკის] პარკი და პატარა ბოტანიკური ბაღი თავის საკარმიდამოში, საიდანაც ამარაგებდა ადგილობრივ მოსახლეობას ხეხილისა და სამრეწველო მცენარეთა ნერგებით.
გაზეთში ,,ზაკავკაზიე“ გამოქვეყნებული ნეკროლოგის ,,ლუდვიგ ფრანცეს ძე მლოკოსევიჩი" ავტორი ,,დმ. ჩ-ევი“ წერს, რომ მლოკოსევიჩის მიერ ,,სიღნაღის მაზრის დაბა ლაგოდეხში, მის ძველ საკარმიდამოში ... ჩაის ბუჩქებზე, ზეთისხილის ხეებზე, ლიმონისა და ფორთოხლის ხეებზე, ევკალიპტისა და სხვა უამრავ ხეხილოვან, თაფლისა და დეკორატიულ მცენარეებზე ტარდებოდა აკლიმატიზაციის ცდები"(17).
ეჭვგარეშეა, რომ ,,დმ. ჩ-ევი“ არის თავადი დიმიტრი ჩელოკაევი, ლაგოდეხის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება, განათლებული ადამიანი, რომელიც კარგად საუბრობდა და წერდა რუსულად. მისი სტატიები ლაგოდეხის ცხოვრების აქტუალური თემების შესახებ არაერთხელ გამოჩენილა ამიერკავკასიის რუსულ ენოვან პერიოდიკაში. მლოკოსევიჩის და ჩელოკაევის ოჯახის მეგობრობა დაიწყო დიდი ხნის წინ, ცნობილია, რომ ჯერ კიდე 1875 წელს, თავადი ილია ჩელოკაევის შეთავაზებით მლოკოსევიჩმა იმოგზაურა პარიზში, იქაური პლანტატორებისგან ლაგოდეხისთვის ახალი კულტურის (ჩინური და იავის ჭინჭარი) მოშენების ყველა საიდუმლოს გასარკვევად.
|
ჩინური ჟასმინი (Jasminum grandiflorum) |
,,ლ.ფ.მლოკოსევიჩის ხსოვნისადმი“ ნეკროლოგის ავტორი პ. მიშჩენკო, რომელიც 1910 გამოქვეყნდა ,,იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკიური ბაღის ნაშრომებში“, მლოკოსევიჩის დამსახურებად თვლის პოლკის პარკის და ხეხილის ბაღის შექმნას ,,რომლებსაც ლ.ფ. მლოკოსევიჩის აზრით უნდა ემსახურათ არა მარტო სიამოვნებისთვის, არამედ მხარის კულტურისთვის და მეცნიერებისთვის... პარკის - ბაღის წყალობით, რომლის ნაწილი შემორჩენილია დღემდე, ერთის მხრივ, ჩადებული იქნა საფუძველი ლაგოდეხისა და ზაქათლის ოკრუგში არსებული ხეხილის მშვენიერ ბაღებს, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენდა დიდ ინტერესს (განსაკუთრებით, რომ ნახევრად არ განადგურებულიყო) მეცნიერებისთვის, რადგან მასში შეგროვილი იყო მდიდარი, ცოცხალი დენდროლოგიური კოლექცია და მრავალი იშვიათი მცენარე, რომელიც ლ.ფ-ს მიერ უცხოეთიდან იყო გამოწერილი. განსაკუთრებით მდიდარი იყო წიწვოვანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ისეთი წარმომადგენლები, როგორიც არის ამერიკული Taxodium და Wellingtonia, იაპონური Ginkgo, ფოთლოვან ჯიშებს შორის კი - Liriodendron, უძველესი მაგნოლია Magnolia Julans, ასევე Magnolia grandiflora, გარდა ამისა – Ephedra, Taxus და მრავალი სხვა. ბაღში წყლის მცენარეებისთვის იყო მოწყობილი სპეციალური აუზები. ბაღის დეკორატიულ ნაწილში ფართოდ იყო წარმოდგენილი ლიანათა ჯგუფი. მის მიერ პირველად კავკასიაში იყო შემოტანილი ,,რამი" - Urtica nivea და Urtica utilis, ასევე ჩატარებული იქნა ცდები ჩაის ბუჩქის, ზეთისხილის, ლიმონის, ფორთოხლის, ევკალიპტის და სხვა კულტურებზე"(18).
1897 წელს ე. დანდუროვმა გაზეთში ,,კავკასიის სოფლის მეურნეობა" გამოაქვეყნა სტატია ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, რომლის ნაწილი მუძღვნა მლოკოსევიჩის ექსპერიმენტებს: ,,როგორც ჩანს მლოკოსევიჩის ცდებიდან, აქ შესანიშნავად იზრდება ზოგიერთი სახეობის წიწვოვანი ხეები, დაფნის ხე, ჩაის ბუჩქები, კაკი, კამელია, სამფოთლიანი ლიმონის ხე - ცოცხალი ღობისთვის ძალიან პრაქტიკული, რამი, ევკალიპტის ხეც კი (არც თუ ისე წარმატებულად). ბატონი მლოკოსევიჩის ცდები იმსახურებენ ყურადღებას. მის სახლთან, რომელიც მდებარეობს ტყეში, იზრდებიან ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ეგზემპლარები, ისინი მიმოფანტულნი არიან ტყეში და იზრდებიან რაიმე განსაკუთრებული ზრუნვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბატონი მლოკოსევიჩი თავის ცდებს უდგება პრაქტიკული
|
ლიმონის სამ ფოთლიანი ხე (Poncirus trifoliata). ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
თვალსაზრისით; იგი არ უზრუნველყოფს ამ ძვირფას მცენარეებს რაიმე განსხვავებული მოვლით, პირიქით, დარგვის შემდეგ ეპყრობა მათ, ისე როგორც სხვა ხეხილს. სინამდვილეში, ექსპერიმენტი მცენარეთა კულტურებზე, მათი სამრეწველო მნიშვნელობის დადგენის მიზნით უნდა ჩატარდეს ზუსტად ისე, როგორც ატარებს ბატონი მლოკოსევიჩი. ასეთი ცდები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ლაგოდეხში შეიძლება წარმატებით გაიხაროს: კაკი, ჩაი, დაფნა და სხვა. ბატონ მლოკოსევიჩს აქვს რამის (ჩინური და იავას ჭინჭარი) ეგზემპლარების საკმაოდ დიდი რაოდენობა (19).
რეზიუმე. მლოკოსევიჩის თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, ჯარში სამსახურის დროს მან ლაგოდეხში პოლკის ბაღს ჩაუყარა საფუძველი, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად რომ დარჩა, თავის საკარმიდამოში ბოტანიკური ბაღი გააშენა.
პოლკის ბაღში იზრდებოდნენ: ტაქსოდიუმი (Taxodium), მარადმწვანე სეკვოია (Sequoia)? ლირიოდენდრონი (Liriodendron), დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiosa), იაპონური გინკო (Gīnkgo), მაგნოლია Julans, უთხოვარი (Taxus), ეფედრა (Ephedra) და სხვაძვირფასი უცხოური ხეები.
ბოტანიკურ ბაღში საკარმიდამოში იზრდებოდა იაპონური ხურმა, ჩაის ხე, დაფნის ხე, ჩინური ჭინჭარი, იავის ჭინჭარი, კამელია, სამ ფოთლიანი ლიმონის ხე, ევკალიპტი, ზეთისხილი, ლიმონის ხე (ქოთნებში), ფორთოხლის ხე, ასევე ,,სხვა ხეხილის, თაფლისა და დეკორატიული მცენარეების მასა“ (დმ. ჩ-ევი), სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ოდესმე გავიგებთ, თუ რა ხეები, ბუჩქები და მცენარეები იმალება სიტყვა "მასა"-ს უკან.
საარქივო მასალები. საქმე მლოკოსევიჩის საკარმიდამოს შესახებ
|
კორპის მუხა (Quercus suber). ლაგოდეხი, 2021. ფოტო: როლანდ ოსიპოვი |
1893 წელს, პენსიაზე გასვლამდე ხუთი წლით ადრე, მლოკოსევიჩმა პატაკით მიმართა თავის უშუალო უფროსს, მის აღმატებულებას, ტიფლისის გუბერნიის და ზაქათლის ოკრუგის სახელმწიფო ქონების მმართველს, დაეკანონებინა მემკვიდრეობითი მფლობელობით მიწა რომელზეც მდებარეობდა მისი საკარმიდამო (20).
თავის პატაკში, მლოკოსევიჩმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 1869 წელს დაიკავა მეტყევის პოსტი, იგი სამსახურიდან თავისუფალ დროს დაკავეული იყო სხვადასხვა ხეების და სასარგებლო მცენარეების საკარმიდამოს ტერიტორიაზე დარგვის და აკლიმატიზაციის ცდებით. ,,ამ ცდების შედეგად გახდა ცნობილი, რომ ჩაის ბუჩქი - Thea bohea и Thea viridis, კაამელია– Camelia Yaponica, დაფნა – Laurus nobilis, კოპრის მუხა –Quercus Suber, ოლეანდრი – Nerium Oleander, ჭინჭარი–Urtica utilis და მრავალი სხვა ჯიშები, შესანიშნავად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატს".
მლოკოსევიჩის თხოვნის საფუძველზე 1895 წლის 24 თებერვალს, განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოსანმა ჟუკოვმა მლოკოსევიჩის და სამი მოწმის თანდასწრებით დაათვალიერა საკარმიდამო. იყო ჩატარებული არსებული ხეების და ბუჩქების დათვლა და დადგენილი იქნა მათი ჯიშები. შედგენილ და ხელმოწერილ აქტში ეწერა, რომ ,,ნაკვეთზე ჯგუფებად და ერთეულებად მოფანტული ხეების და ნერგების (ასაკით ერთი წლიდან 28 წლამდე) რაოდენობა შეადგენდა 920 ეგზემპლარს, თუ არ ჩავთვლით ბუჩქებს - ჟოლო, ჩვეულებრივი ხურტკმელი, მოცხარი. ხეხილი: თხილი, კაკალი, მსხალი, ბროწეული, ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, ატამი, ლეღვი, უნაბი, თუთა, გარგარი, კომში, ფისტა, ხურმა იაპონური, ამერიკული და ადგილობრივი. დეკორატიული და უცხოური იშვიათი ჯიშის მცენარე დათვლილია 120 ეგზემპლარი: ხუთი ჩაის ბუჩქი 2 სახეობის, მაგნოლია, 2 სახეობის, პავლოვნია, კამელია, კორპის მუხა, იაპონური სხმარტლი, მარწყვის ხე, კვიპაროზი, ბუქსუსი, ფიჭვი, ტუია და კედარი. გარდა ამისა, არსებობს ჩინური და იავის ჭინჭრების, აგავის ბუჩქების, კაკისა და ჩინური ჟასმინის პლანტაცია" (19).
რეზიუმე. მლოკოსევიჩის საკარმიდამოს შესახებ არქივში არსებული საქმის თანახმად 1894-1895 წლებში იქ იზრდებოდა: ხუთი ჩაის ბუჩქი, ორი სახეობის ( Thea bohea и Thea viridis), კამელია (Camelia Yaponica), დაფნა (Laurus nobilis), კორპის მუხა (Quercus Suber), ოლეანდრი (Nerium Oleander), მაგნოლია 2 სახეობის, პავლოვნია, მუშმალა (medlar), მარწყვის ხე, კვიპაროზი, ბუქსუსი, ფიჭვი, ტუია, კედარი, ჩინური და იავის კუნძულების ჭინჭრის (პლანტაციები), აგავა, იაპონური ხურმა, ამერიკული ხურმა, ადგილობრივი ხურმა, ჩინური ჟასმინი, ჟოლო, ჩვეულებრივი ხურტკმელი, მოცხარი, თხილი, კაკალი, მსხალი, ბროწეული, ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, ატამი, ლეღვი, უნაბი, თუთა, გარგარი და კომში.
|
იაპონური თუთის ხე (Broussonetia papyrifera). ვარნა, ბულგარეთი, 2019. ავტორის ფოტო |
შემდგომში ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული მონაცემები, გაერთიანდა საერთო სიაში რომლიდანაც გამორიცხული იქნა განმეორებადი დასახელებები. ასევე სიიდან ამოღებული იქნა ადგილობრივი წარმოშობის ჯიშები: მუხა (Quercus), კაკალი (Juglans regia), წაბლი (Castanea sativa), ცაცხვის (Thilia), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus) და სხვები, რომლებიც უხვად იზრდებოდნენ ლაგოდეხის ტყეში და იდგნენ მლოკოსევიჩის მიერ საკარმიდამოსთვის დაკავებულ ტერიტორიაზე.
ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში, მცენარეთა ხეებისა და ბუჩქების სახელები დაწყობილია რუსული ანბანის მიხედვით, მოცემულია მათი სამეცნიერო სახელებით.
სამებაღეო კულტურები და ხეები, რომლებიც იზრდებოდნენ პოლკის ბაღში, ნაჩვენებია ცალკე სიაში.
მსხვილი შრიფტით მონიშნულია მლოკოსევიჩის მიერ დარგული ბოტანიკური სახეობები რომლებიც არსებობენ დენდროპარში დღემდე.
სხვა დანარჩენი ბოტანიკური სახეობები 1869 წლიდან 1895 წლამდე პერიოდში იყვნენ დარგულნი მლოკოსევიჩის მიერ თავის საკარმიდამოში, მაგრამ დროთა განმავლობაში იყვნენ განადგურებულნი სხვადასხვა მიზეზების გამო.
მინდა ვიფიქრო, რომ ყველა მათგანი იპოვის თავის ადგილს პოლონელი სპეციალისტების მიერ რევიტალიზირებულ დენდროპარკში, რომელიც დაიბრუნებს ყოფილ ბრწყინვალებას.
ხეების, ბუჩქების და ყვავილების სია, რომლებიც იზრდებოდნენ მლოკოსევიჩის საკარმიდამოში
1. აბელია (Abelia floribunda).
2. აგავე (Agave).
3. თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia).
4. აკაცია (ალბიცია) (Acacia(Albicia) Julibrissin).
5. ფორთოხლის ხე (Cītrus × sinēnsis).
6. არალია (Aralia japonica).
7. არაუკარია (Araukaria imbricata)
8. შავი ბამბუკის Phyllostachys nigra (Lоdd.) Munrо.
9. ბამბუკი ჩვეულებრივი (Bambusa vulgaris).
10. კოწახური (Berberis Darwinii).
11. ბენთამია (Benthamia fragifera).
12. კოლხური ბზა (Buxus colchica).
13. გეორგინა (Dahlia). მლოკოსევიჩის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლაგოდეხის კლიმატი მკაცრია ღია გრუნტში გეორგინის მოსაყბვაანდ, ამიტომ ზამთრისთვის გრუნტიდან უნდა იქნას ამოღებული.
14. გინერიუმი (Ginerium argenteum).
15. იაპონური გინკგო (Gīnkgo biloba L.).
16. გლედიჩია სამფეროვანი (გლედ. წია ტრიაკანთოსი).
17. ჯუტი Corchorus textilis.
18. ჰავაის მუხა (?). (ინფორმაცია მოცემულია ლია ჯანელიძის სტატიიდან ,,ლუდვიგ მლოკოსევიჩის მემკვიდრეობა (3)", ბოტანიკური სახელის შესახებ ჩემთვის ხელმისაწვდომ წყაროებში ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.
19. კორპის მუხა (Quercus Suber).
20.ნაძვი (Picea).
21.ვერცხლისფერი ნაძვი (ცისფერი) Pīcea pūngen.
22. ჩინური ჟასმინი (Jasminum grandiflorum).
23. თრიმლი(Rhus cotinus).
24.ძახველი (Viburnum odoratissima).
25. კამელია (Camelia Yaponica).
26. კატალპა (Bignonia Catalpa).
27. ლიბანის კედარი (Cedrus libani).
28. ჰორიზონტალური კვიპაროზი (Cupressus).
29. პირამიდული კვიპაროზი (Cupressus Pyramidalis).
30. მარწყვის ხე (Cornus capitata).
31. ჩინური ჭინჭარი (Urtica nivea).
32. იავის ჭინჭარი (Urtica utilis).
33. დაფნის ხე (Laurus nobilis).
34. თეთრი ლილი (Lílium candídum).
35. ლიმონის ხე (Cítrus límon). ლაგოდეხში ის ღია გრუნტში ვერ იზრდება, მლოკოსევიჩს მოყავდა ქოთნებში.
36. ლიმონის სამ ფოთლიანი ხე (Citrus s. Poncirus trifoliata).
37. მაგნოლია სულანჟა (თეთრი) (Magnolia soulangeana).
38. მაგნოლია სულანჟა (წითელი) (Magnolia soulangeana).
39. ზეთისხილი (Olеa).
40. მუშმალა (Eriobotrya japonica).
41. ოლეანდრი (Nerium Oleander).
42. შავი კაკალი (Juglans nigra).
43. პავლოვნია (Paulownia imperialis).
44. პარროტია სპარსული ან ხერკინა (Parrotia persica).
45. პეკანი ან ამერიკული კაკალი (Caria pekan).
46. კარობის ხე (Ceratonia siliqua).
47. ბაღის ვარდი (Rosa).
48. როზმარინი (Rosmarinus). მლოკოსევიჩის ცდებმა აჩვენა, რომ ლაგოდეხის კლიმატი არ არის შესაფერისი ღია გრუნტში როზმარინის გასაზრდელად.
49. სორგო (Holcus saccharatus).
50. ფიჭვი (Pinus).
51. სუმაკი (Rhus).
52. ალვის ხე (Populus nigra f. Pyramidalis).
53. ტუია (Thúja).
54. ტიტების ხე (Liriodendron Tulipifera).
55. ფისტა (Pistacia).
56. ფორზითია (Forsythia).
57. ამერიკული ხურმა (Diospyros virginiana).
58. იაპონური ხურმა (Diospyros kaki).
59. ჩაის ხე (Thea bohea).
60. ჩაის ხე (Thea viridis).
61. ჩოისია (Choissia ternata).
62. ევკალიპტი (Eucaliptus globulus).
63. ევკალიპტი (Eucaliptus Amagdalina). მლოკოსევიჩის ცდებმა აჩვენა, რომ ლაგოდეხის კლიმატი არ არის შესაფერისი ევკალიპტის ღია გრუნტში მოყვანისთვის.
64. იავორი (ნეკერჩხალი) ბოჭკოვანი (Acer pseudoplatanus). მლოკოსევიჩის აკლიმატიზაციის ცდების ობიექტად იავორი (ნეკერჩხალი) შესახებ ინფორმაცია საეჭვოა, რადგან კავკასია არის მისი ბუნებრივი არეალი.
65. იაპონური თუთის ხე (Broussonetia papirifera).
მლოკოსევიჩის საკარმიდამოში ბაღ-ბოსტნის კულტურებიდან იზრდებოდა: ჟოლო, ჩვეულებრივი ხურტკმელი, მოცხარი, თხილი, კაკალი, ვაშლის ხეები, მსხალი, მათ შორის ვანდამის მსხალი, ბროწეული, ლეღვი, ქლიავი, ალუბალი, ატამი, უნაბი, თუთა, გარგარი და კომში.
პოლკის ბაღში, მლოკოსევიჩის მიერ დარგული იყო: ალვის ხეები, ტაქსოდიუმი (Taxodium), მარადმწვანე სეკვოია (Sequoia), ლირიოდენდრონი (Liriodendron), დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiosa), იაპონური გინკო (Gīnkgo), მაგნოლია Julans, უთხოვარი (Taxus), ეფედრა (Ephedra) და მრავალი სხვა ძვირფასი ჯიშის ხე.
ლიტერატურის სია
1. Письмо Б.В. Млокосевича П.Т. Згонникову. – 1987. – 26 сентября.
2. Млокосевич, Б.В. Дикорастущие плодовые деревья и кустарники, Лагодехского государственного заповедника. – Труды Азербайджанского научно-исследовательского института лесного хозяйства и агролесомелиорации. – Баку. – 1962. - С. 171-196.
3. Лия Джанелидзе. Наследство Людвига Млокосевича//Газета «Молодёжь Грузии». – 1965. – 18 мая.
4. Млокосевич. Ещё об эвкалиптах// Газета «Кавказ». – 1885. - № 309. – 20 ноября
5. Млокосевич. Лагодехи, 18 марта: [о поездке в 1876 году в Париж с целью узнать все возможные подробности возделывания китайской и яванской крапивы для их акклиматизации и выращивания в Лагодехи и на Кавказе]//Кавказ. – 1878. - № 65. – 21 марта
6. Млокосевич, Л. Лагодехи (корр. "Кавказа"): [о Лагодехи как наиболее пригодном месте для открытия земледельческой школы]//Газета «Кавказ». - 1878. - №81. - 9 апреля.
7. Л. Млокосевич. Заметки о периодических явлениях природы в окрестностях уроч. Лагодехи (Сигнахского уезда, Тифлисской губ.) //Известия Кавказского Общества Любителей Естествознания и Альпийского Клуба. – Тифлис, 1879. – Вып. 1. – С. 41-46.
8. Млокосевич. Лагодехи, 20 октября: [об особенностях лагодехского климата в 1882-ом году]//Кавказ. - 1882. – № 287. - 30 октября.
9. Млокосевич, Л. Опыты посева семян сорго и джута в ур. Лагодехи//Газета «Кавказ». – 1890. - № 330. – 13 декабря.
10. Млокосевич, Л. Минувшая зима в Лагодехах//Газета «Кавказ». – 1891. - № 117. - 5 мая.
11. Млокосевич, Л. Ур. Лагодехи (Корреспонденция «Новаго обозрения») //Газета «Новое обозрение». – 1892. - № 2788.
12. Млокосевич, Л. Японская хурма//Кавказское сельское хозяйство. – 1892. - № 157. - C. 20-21.
13. Млокосевич. Корреспонденция//Кавказское сельское хозяйство. – 1902. - № 435. – С. 349.
14. Млокосевич. По поводу наводнений в Закавказье//Кавказское сельское хозяйство. – 1896. - № 142. - С. С. 2423-2425.
15. Boleslaw Hryniewiecki. Ze wspomnien kaukaskich. W goscinie u rodaka milosnika przyrody//Wierchy. – Krakow. – 1949. - S. 70-87.
16. П.И. Войчаль. Исследователь Кавказа Л. Ф. Млокосевич (К 50-летию со дня смерти) //Лесной журнал. – 1959. - № 5 . – Отдельный оттиск.
17. Дм. Ч-евъ. Людвиг Францович Млокосевич (некролог). – Газета «Закавказье». – 1909. – Вып. 149. - 6 августа.
18. П. Мищенко. Памяти Л. Ф. Млокосевича (некролог)//Труды Ботанического сада Императорского Юрьевского университета (под. ред. директора сада проф. Н.И. Кузнецова. – 1910. - Том 11-12. –- С. 270-274.
19. Е. Дандуров. Сельскохозяйственное положение Лагодех//Кавказское сельское ходяйство. 1897. - № 205. – С. 804-807.
20. Центральный государственный исторический архив Грузии, ф.243, оп.7, Д.175.
-------------------------------------------
შენიშვნები
*პოლონურ ლიტერატურაში მლოკოსევიჩს მოიხსენებენ როგორც ,,ლუდვიკ". თავად მლოკოსევიჩი თავის სახელს ორნაირად წერდა: რუსულენოვან სტატიებსა და შენიშვნებში ხელს აწერდა როგორც ,,ლუდვიგ", პოლონელ კორესპონდენტებთან წერილებში, როგორც წესი ,,ლუდვიკ". რუსულ ლიტერატურაში დამკვიდრდა ფორმა ,,ლუდვიგ".
--------------------------------------------
ინფორმაცია ავტორის შესახებ
პეტრო ზგონნიკოვ, ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ექიმთა პრაქტიკული სახელმძღვანელოს ,,კლინიკური ფსიქიატრია" (1989) თანაავტორი, ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის განყოფილების ყოფილი ასისტენტი, ფარმაცევტული საწარმოს ხელმძღვანელი.
წარმოშობით ლაგოდეხიდან (საქართველო), ცხოვრობდა ცნობილი ნატურალისტის, ვარშავის ზოოლოგიური მუზეუმის თანამშრომლისა და კავკასიისა და სპარსეთის ბუნების მკვლევარის ლუდვიკ მლოკოსევიჩის (1831-1909) მამულთან. 80-იანი წლებიდან სწავლობს მლოკოსევიჩის ბიოგრაფიას და პოპულარიზაციას უწევს მის სახელს. სხვა ინტერესები: ლაგოდეხის რაიონის ისტორია, ჟურნალისტიკა. ვებ-გვერდის www.lagodekhi.net შემქმნელი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ეძღვნება ლუდვიკ მლოკოსევიჩს. მლოკოსევიჩისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი რუსულ, ქართულ, პოლონურ და ავარულ ენებზე.
ელ. ფოსტა: info@lagodekhi.net; zpt1949@gmail.com
-----------------------------------------
თარგმანი: ლევან ოსიპოვი
------------------------------------------
ფოტოები Google-ის გამოყენებით საიტებიდან: მარწყვის ხე (udec.ru), ცერატონიას მომწიფებული ნაყოფი (commons.wikimedia.org ), ოლეანდერი ( flowersadvice.ru), შოიზია (dachahome.ru), აბელია (dic.academik.ru), ლენქორანული ალბიცია (na-dache.ru), დარვინის კოწახური (moisadovod.ru), ლირიოდენდრონი (derevo-s.ru), ჩინური ჟასმინი (360 wiki.ru)
Просмотров: 5609
|