გარდაიცვალა მეუფე სერგი
Автор: პეტრო ზგონნიკოვ |
Добавлено: 21.09.2021 |
|
გარდაიცვალა მეუფე სერგი
|
მეუფე სერგი, ერისკაცობაში — ზურაბ ჩეკურიშვილი (1959-2021) |
გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სერგი. საღამოს, 2021 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში. ეპარქიაში შედიოდა ალაზნის გაღმა მხარის ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების სამრევლოები.
მეუფე სერგის ვიცნობდი, შევხვდით ორჯერ, 2009 და 2016 წლებში. თითოეული შეხვედრა ჩემს მეხსიერებაში მრავალი წლის განმავლობაში ნათელ, დაუვიწყარ მოვლენად დარჩა. იმ დროიდან დამრჩა ჩანაწერები და შთაბეჭდილებები. როცა შევიტყვე მეუფის გარდაცვალების შესახებ ამოვწიე ისინი, ვეცადე დამეწერა მოგონებები, სანამ ტექსტზე დიდი წვალების შემდეგ არ მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი. ვერ ვწერ: ცნობიერება ვერ იღებს ამ მწარე ამბავს, ვერ ეგუება, იტოვებს იმედს. სიტყვები მეწინააღმდეგებიან, ხტებიან კლავიატურიდან, გამოდიან უფერულნი, მარწმუნებენ და მიბიძგებენ აზრისკენ, რომ მკრეხელობაა ცოცხალ ადამიანზე წერა როგორც გარდაცვლილზე, თუ კი ის შენთვის ისევ ცოცხალია.
2017 წელს, მეუფე სერგის დაბადების დღეს და მონაზვნად აღკვეცის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასზე სხვა გრძნობით დავწერე. იმ წელს არ იყო კორონავირუსი და სიკვდილი არ დასტრიალებდა მას, ის იყო ცოცხალი, ენერგიული და მხიარული, მიმდინარე საქმეებითა და გეგმებით სავსე, ძლიერი, ჭკვიანი, ტოლერანტული და მეგობრული ადამიანი. ჩემი «Пришествие отца Сергия» მაშინ თავისით დაიწერა, გადმოიღვარა ზეციდან, თითქოს ვიღაც, ვინც ამ ადამიანის მიმართ ჩემს უსაზღვრო პატივისცემას და აღტაცებას ხედავდა, მართავდა ჩემს ხელს. 25 წელი გავიდა რაც ჩემი მშობლები აღარ არიან ამ ქვეყნად, 12 წელი - დები, 7 წელი - ქალიშვილი და მე ჯერ კიდევ არ მჯერა, მგონია რომ ისინი უბრალოდ გადავიდნენ სხვა საცხოვრებელ სივრცეში, სადაც ჩვენ ყველანი შევხვდებით. ასეა მამა სერგიც: მისი სიკვდილის დაჯერება ბევრად უფრო რთულია, მით უმეტეს, როცა ასე, ჭექა-ქუხილივით, როცა ერთი დღეც კი არ გასულა და, გაოგნებულს ვერ გაგიგია, ნამდვილი იყო ეს ჭექა-ქუხილი და თუ იყო საერთოდ.
,,ვხედავდი თუ როგორ უყურებდა ასობით მრევლი მამა სერგის, როგორ ესალმებოდნენ უბრალო მოქალაქეები, როგორ ისმენდნენ მის ყოველ სიტყვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორ წყუროდათ მისი ხელის შეხება მორწმუნეებს... მისი სტუმარი ვიყავი ეპარქიის ყვარელსა და ლაგოდეხის რეზიდენციებში, სერგის მიერ აშენებულ მონასტრებში, მის მიერ აღორძინებულ ეკლესიებში, მის მიერ გახსნილ სასულიერო სემინარიაში, ძველ სამეფო ციხესიმაგრეში, გრემის ტაძარში... გაოცებული დავრჩი შემართებით, რომლითაც იმართებოდა საქმიანობა ეპარქიის არც თუ ისე პატარა მეურნეობაში - მთის ნაკადულში მოთამაშე კალმახით, სარდაფებში დადუღებული სამონასტრო ღვინით, მინდორში მობიბინე პურით. ვუყურებდი, როგორ წერენ სიყვარულით წმინდანთა სახეებს შავებით შემოსილი თავმდაბალი ახალგაზრდა მორჩილები ხატწერის სახელოსნოში. ვნახე თუ როგორ მაღლდებიან ალაზნის ველზე სერგის მიერ გაცოცხლებული ნეკრესის ტაძარის ჯვრები, ვუსმენდი თუ როგორი წმინდა მუსიკით მოედინება ლაგოდეხზე მის მიერ აღდგენილი ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების ხმა.
ალაზნის გაღმა მხარის საეკლესიო ცხოვრების ისტორიაში არის ცნობილი წმინდანი, მე-6 საუკუნეში სირიიდან ჩამოსული და საქართველოში ბერმონაზვნობის დამაარსებელი ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთი, აბიბოს ნეკრესელი. მოვიდა ათასი წარმართული ცეცხლით გაღვივებული ტაძრების მხარეში, აიღო ჯვარი, დადიოდა მისი ეპარქიის ქალაქებსა და სოფლებში, კვეთდა უხეშ ცრურწმენას და აქრობდა ბოროტ ცეცხლებს, ცეცხლთაყვანისმცემლების მიერ აცდენილ ქრისტიანებს აბრუნებდა ქრისტეს ეკლესიის კალთის ქვეშ.
მეუფე სერგიში დავინახე ნეკრესის ახლადგამოცხადებული აბიბოსი. იმედი მაქვს რომ მე, როგორც ეკლესიის კანონების არმცოდნეს მომეტევება მეუფე სერგის შედარება მის წმინდან წინამორბედთან.
მეუფე სერგი ოთხმოცდაათიან წლებში მოვიდა მხარეში, რომელმაც ათეისტების შემოსევა გადაიტანა. ყაზანის ღვთისმშობლის ლაგოდეხის ტაძრის ჯვრები ჩამოაგდეს ტაძარშივე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პარაშუტის საცავი იყო და იდგა ნანგრევებში. სულიერი ცხოვრება ოდნავ თბებოდა ელკესიად მოწყობილ პატარა რუსულ სახლში ქალაქის გარეუბანში. მდუმარე მოხუცი ქალები შავებში იკრიფებოდნენ მსახურებაზე, ჩვენ კი, სულელი ბავშვები, დავცინოდით მათ, როგორც დარწმუნებული ვიყავით, ჩამორჩენილობას, ჯიუტად ვიმეორებდით იმას, რასა ჩაგვინერგეს სკოლაში: ,,ღმერთი არ არსებობს!". მოვიდა მამა სერგი, მოვიდა და დაინახა სიცარიელე - ტაძრების და ადამიანთა სულების სიცარიელე. ბევრი ამბობს და მეც გავიმეორებ: ,,მეუფე სერგიმ ალაზნის გაღმა მხარეში ქრისტიანობა აღადგინა "*.
ამაშია მისი შეუფასაბელი დამსახურება ღვთისა და ხალხის წინაშე.
მარადიული განსასვენებელი და დაუვიწყარი ხსოვნა შენ, ნეკრესის ეპარქიის მეუფევ სერგი!
------------------------------------------
მეუფე სერგის დაკრძალვა გაიმართება 23 სექტემბერს ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.
-------------------------------------
* გამოყოფილი ტექსტი აღებულია სტატიიდან «Пришествие отца Сергия». იბეჭდება მცირე შემოკლებით. სტატიის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://www.lagodekhi.net/view_post.php?id=584.
აქვე გაიხსნება მართლმადიდებელი ჟურნალისტის ოლგა როჟნევას საინტერესო მონათხრობი მეუფე სერგის შესახებ «Чудесные истории митрополита Некресского Сергия».
----------------------------
ავტორის ფოტო. გადაღებულია 2016 წლის 24 მაისს ლაგოდეხში, მიტროპოლიტი სერგის რეზიდენციაში
------------------------
თარგმანი: ლევან ოსიპოვი
Просмотров: 637
|