მლოკოსევიჩის ბაღი - ნამდვილი საგანძურია

Радослав Кониаж: «Бывший сад Млокосевича в Лагодехи – настоящий клад для города…»

Возвращение к сайту?

Что росло в саду у Людвига Млокосевича?

რა იზრდებოდა მლოკოსევიჩის ბაღში?

В военное время вести сайт не получается

Регги и орехи


Посетителей: 2119144
Просмотров: 2336076
Статей в базе: 719
Комментариев: 4652
Человек на сайте: 9







Людвиг Францевич Млокосевич (1831-1909) (на грузинском языке)

Автор: Виктор Белик, Насрула Насрулаев

Добавлено: 07.02.2019

Обращение автора сайта к читателям на грузинском и на русском языках: 

ქართველი მკითხველისადმი:

Ludvig-Mlokosievitch
 ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩი (1831-1909)

ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩი ცხოვრობდა ლაგოდეხში. გარდაიცვალა 1909 წელს, თავისი უკანასკნელი მოგზაურობის დროს დაღესტნის მთებში, 78 წლის ასაკში.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც მე მოვკიდე ხელი მლოკოსევიჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას, მასზე, გარდა ლაგოდეხში მოარული ხმებისა მარტოსული ადამიანის იდუმალებით მოსილი ბიოგრაფიის შესახებ, პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი. მომიხდა მისხალ-მისხალ: ხარკოვის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნების განყოფილებაში, ხარკოვისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკებში, პოლონეთის სამეცნიერო აკადემიის დახმარებით, ლაგოდეხისა და დაღესტნის აულ ჩოროდის მცხოვრებთა გამოკითხვით (სადაც მლოკოსევიჩი დაიღუპა) აღმედგინა მისი ცხოვრების ისტორია. 

რუსულ ენაზე ცნობები მლოკოსევიჩის თაობაზე ჩემ მიერ გამოქვეყნებულია ბევრ გაზეთსა და ჟურნალში, ხოლო ჩვენს საიტზე არსებობს განყოფილება „ლუდვიგ მლოკოსევიჩი“, რომელიც წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულ კრებულს ამ ნატურალისტის შრომებსა და მის დამსახურებაზე. 

 ქართულ ენაზე ცნობები მლოკოსევიჩის შესახებ ერთობ მწირია. ყველაზე ვრცელი მასალა, ეს არის ჩემი წერილი „საქართველოს პოლონელი მეგობარი“, რომელიც გამოქვეყნდა 30 წლის წინ, 1989 წელს, ცენტრალურ ქართულ გაზეთ „კომუნისტში“. ამ ხნის განმავლობაში წამოვიდა მკითხველთა ახალი თაობა, რომლისთვისაც სრულიად უცხოა მლოკოსევიჩის სახელი, სახელი კაცისა, ვისაც დიდი ამაგი აქვს დადებული ლაგოდეხის უნიკალური ხეობის ბუნების შესწავლასა და მის ხელუხლებლად შენარჩუნებაში. მე მსურს დავეხმარო ახალგაზრდებს და გავახსენო მათ საქართველოს ამ შესანიშნავი მეგობრის სახელი. მცირედი ხნის წინ „რუსულმა ორნითოლოგიურმა ჟურნალმა“ («Русский орнитологический журнал») გამოაქვეყნა ორი მეცნიერის - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ვიქტორ ბელიკისა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის - ნასრულა ნასრულაევის წერილი „ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩი (1831 – 1909) ( «Людвиг Францевич Млокосевич (1831-1909)»). 

ავტორები ემადლიერებიან საიტ „ლაგოდეხს“ მლოკოსევიჩის შესახებ წარმოდგენილი მასალებისთვის, მე კი, ჩემის მხრივ, მადლობას ვუხდი მათ შესანიშნავი წერილისთვის, სადაც შეძლეს ჰარმონიულად შეეხამებინათ  ერთმანეთისთვის ლაგოდეხელი ნატურალისტის ცხოვრების ისტორია და მისი ღვაწლის აკადემიური შეფასება ბიოლოგიურ მეცნიერებაში.

                                                                     პეტრე ზგონიკოვი, საიტ „ლაგოდეხის“ ავტორი

************************************************************

Обращение к грузинскому читателю  (русскоязычная версия): 

Людвиг Францевич Млокосевич жил в Лагодехи. Умер в 1909 году, в своем последнем путешествии по горам Дагестана в возрасте 78 лет. К 80-м годам прошлого века, когда я взялся за изучение жизни и деятельности  Млокосевича, о нём практически ничего,  кроме ходивших в Лагодехи слухов о  его таинственной жизни отшельника, не было известно. Пришлось по крупицам, в отделах редких книг Харьковского университета, в публичных библиотеках Тбилиси и Харькова, с помощью Академии Наук Польши, жителей Лагодехи и дагестанского аула Чорода, где Млокосевич умер,  восстанавливать историю его жизни и дел.

На русском языке сведения о Млокосевиче были опубликованы мной во многих газетах и журналах, а на настоящем сайте существует раздел «Людвиг Млокосевич», наиболее полное собрание сведений о натуралисте, его заслугах и работах.

На грузинском языке сведений о Млокосевиче немного. Самый объемный  материал, моя статья «Сакартвелос полонели мегобари» ("Польский друг Грузии"), был опубликован 30 лет назад,  в 1989 году,  в грузинской центральной газете «Комунисти». За это время выросло новое поколение грузинских читателей, совершенно не знакомых с именем человека, сделавшим так много для изучения и сохранения природы уникального Лагодехского ущелья.  Мне хочется помочь молодым людям вспомнить имя этого замечательного друга Грузии.

Недавно «Русский орнитологический журнал», опубликовал статью двух ученых, доктора биологических наук Виктора Белика, и кандидата биологических наук Насрулы Насрулаева «Людвиг Францевич Млокосевич (1831-1909)».

Авторы благодарят сайт «Лагодехи» за предоставленные им материалы о Млокосевиче, я же, в свою очередь, благодарен авторам за прекрасную статью, в которой им удалось гармонично соединить историю жизни лагодехского натуралиста с научной оценкой его вклада в биологическую науку.

                                                                   Пётр Згонников, автор сайта «Лагодехи»

************************************************************

 

ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩი (1831 – 1909) 

ვ. პ. ბელიკი, ნ.ი. ნასრულაევი  

LAGODEKHI
 ლაგოდეხი. ფოტო: ირაკლი ქშუტაშვილი 

კავკასიის ბუნების ლეგენდარული მკვლევარის, ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩის სახელი (25 აგვისტო 1831 – 22 ივლისი 1909), ცნობილია რუსეთის პრაქტიკულად ყველა ორნითოლოგისათვის, უპირველეს ყოვლისა, კავკასიის მთებში ენდემური  კავკასიური როჭოს Lyrurus mlokosiewiczi (Taczanowski, 1875) სენსაციური აღმოჩენით, რომელსაც შემდგომში ლათინურად მისი სახელი დაერქვა. მლოკოსევიჩი ახსოვთ ჰერპეტოლოგებსაც, მესხეთის ქედის ზეკარის უღელტეხილზე რელიქტური კავკასიური სალამანდრის Mertensiella caucasica (Waga, 1876) აღმოჩენის შემდეგ. მაგრამ ყველაზე მეტი ახალი ჯიში მეტყევე მლოკოსევიჩმა მიუძღვნა ბოტანიკოსებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ელიარ-ოუგის ქედზე (აზერბაიჯანი) ბუნებრივი სახით შემორჩენილი ელდარის ფიჭვი Pinus eldarica, რომელიც მლოკოსევიჩის ნიმუშების მიხედვით 1880 წელს აღწერა იაკობ სერგის ძე მედვედევმა; ასევე, უმშვენიერესი ყვითელი პიონი, მლოკოსევიჩის მიერ ლაგოდეხის ხეობაში მოძიებული 1897 წელს, რომელსაც მისივე სახელი დაერქვა - Paeonia mlokosewitschii და ლაგოდეხური ნაღველა Gentiana lagodechiana… ხოლო მლოკოსევიჩის ქალიშვილმა, იულიამ ლაგოდეხის მთებში აღმოაჩინა ფურისულას უცნობი სახეობა, რომელსაც მის საპატივცემულოდ იულიას ფურისულა ეწოდება - Primula juliae

ლ. ფ. მლოკოსევიჩის საკმაოდ რთული და ტრაგიკული ცხოვრება იპყრობდა ბევრი მკვლევარ-ბიოგრაფის ყურადღებას. მლოკოსევიჩის მიერ 1891 წელს, 60 წლის ასაკში დაწერილი ავტობიოგრაფიის გარდა, მის შესახებ დაიწერა  რიგი დეტალური ბიოგრაფიული ნარკვევებისა, თანამემამულეების - კრისტინა კოვალსკაიას (1959), აგრეთვე ბოლესლავ გრინევიცკის (1950) მიერ, რომელიც 1900 წელს იყო კავკასიაში სტუმრად ლუდვიგ მლოკოსევიჩთან. ლ. ფ. მლოკოსევიჩზე არაერთგზის დაუწერიათ რუსეთშიც.  განსაკუთრებით ბევრი უაღრესად საინტერესო მასალაა შეკრებილი  ამ კეთილშობილ ადამიანზე და კავკასიის დაუღალავ მკვლევარზე ქართული ქალაქის, ლაგოდეხის მკვიდრ, პეტრე ზგონიკოვის საიტზე, რომელიც ამჟამად ხარკოვში ცხოვრობს.

lag zapoved
 ლაგოდეხის ბუნება

2019 წელს სრულდება 110 წელი ლუდვიგ მლოკოსევიჩის გარდაცვალებიდან და 140 წელი მისი პირველი პუბლიკაციიდან კავკასიური როჭოს შესახებ. ამიტომაც, გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს შესანიშნავი ნატურალისტი, პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და მოკლედ მოვუთხროთ მკითხველს კავკასიური როჭოს პირველაღმომჩენის - ამ საოცარი ადამიანის ცხოვრების შესახებ, ზოგიერთი მისი მოგზაურობისა და  კავკასიის ბუნების შესახებ. მით უმეტეს, რომ კავკასიის ბუნების კვლევის საქმეში დიდი დამსახურებისათვის მლოკოსევიჩი რუსული გეოგრაფიული საზოგადოების მიერ 1898 წელს ვერცხლის მედლით იყო დაჯილდოებული, ხოლო პარიზის აკლიმატიზაციის საზოგადოების მიერ - დიდი ოქროს მედლით. დაბოლოს, ლუდვიგ მლოკოსევიჩი, გამორჩეულად - სამამულო ნატურალისტებს შორის, გვიჩვენებს ყველას კეთილშობილი დამოკიდებულების მაგალითებს როგორც მეცნიერების, ისე - ბუნების, საკუთარი ქვეყნის, ადამიანების მიმართ...

უნდა ითქვას, რომ კავკასიაში, ანუ რუსეთში გადმოსახლებული Ludwik Młokosiewicz იცვლის თავის სახელსა და გვარს და საკუთარ მასალებს აქვეყნებს ლუდვიგ მლოკოსევიჩის გვარით, თუმცა პოლონურად მისი გვარი-სახელი ტრადიციულად წარმოითქმება, როგორც ლუდვიკ მლოკოშევიჩი.

ლუდვიგ მლოკოსევიჩი დაიბადა ვარშავაში, მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში. მისი მამა, ფრანტიშეკ მლოკოსევიჩი იყო სახელგაქნთქმული საბრძოლო გენერალი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდა ნაპოლეონს, მაგრამ კუტუზოვისაგან მისი არმიის განადგურების შემდეგ მან ერთგულების ფიცი დაუდო რუსეთს. 12 წლის შემდეგ ის შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ პოლონელებს, მაგრამ აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ისევ რუსეთის სამეფო გვირგვინისაკენ გადაიხარა. სწორედ ამ წლებში, 62 წლის გენერალს შეეძინა მესამე შვილი - ლუდვიგი. ცხადია, რომ გენერალი, სამხედრო კარიერის გარდა, მისთვის სხვა მომავალ კარიერაზე არ ფიქრობდა და ამიტომაც,  11 წლის ასაკში  სასწავლებლად მიავლინა ბრესტში - კადეტთა კორპუსში.

LM Family
 მლოკოსევიჩის ოჯახი. ლაგოდეხი, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედი

თვით ლუდვიგს კი ბავშვობიდანვე იტაცებდა ბუნება, თანაც ეს სიყვარული შემთხვევითი არ იყო.  როგორც ის წერდა საკუთარ ავტობიოგრაფიაში: „რაც თავი მახსოვს, თავგამეტებით მიყვარდა ბუნება. ვარშავა იქნებოდა, თუ საზოგადოდ, ქალაქები - მე არ მომწონდა. ერთი სული მქონდა იმ ბედნიერი დღის დადგომამდე, როდესაც მშობლები დაიძრებოდნენ ქალაქიდან და წამიყვანდნენ სოფელში, სადაც ყველაფერი სიხარულით მავსებდა - მშვენიერი ბაღები, ორანჟერეები, სათბურები, ხოლო გარშემო ლამაზი ტყეები, მინდვრები, ტბები... მე მქონდა ჩემი პატარა სამხეცე, საფრინველე, მქონდა გუბურები თევზებით და ჩემი საკუთარი ბაღი ყვავილებით. როგორც კი მიმთავრდებოდა გაკვეთილები, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დასვენების დრო დგებოდა - ეს იყო ჩემს ბუნებრივ მეურნეობასთან განმარტოება... და ეს გატაცება ბუნებით წუთიერი კი არ იყო, წლობით გრძელდებოდა“. ხოლო კადეტთა კორპუსის ყაზარმები ლუდვიგისთვის იქცა ნამდვილ საპყრობილედ, რაც მას საყვარელი საქმიაქნობის საშუალებას ართმევდა, და მხოლოდ ხუთი წლის თავზე, უკვე მამის სიკვდილის შემდე, ემუდარა დედას, გამოეთხოვა იგი კორპუსიდან. შინ, მასწავლებლების დახმარებით, ის კვლავ შეუდგა საყვარელი ბოტანიკის, ზოოლოგიის და სხვა საბუნებისმეტყველო საგნების  შესწავლას.

იმ წლებში ლუდვიგი გაეცნო ოიფიცრებს „კავკასიის მუსულმანური პოლკიდან“, რომელიც იდგა მისი დის მამულში. მათგან შეიტყო მან მრავალი საინტერესო რამ კავკასიის მთების, მისი მდიდარი ბუნებისა და მეტად თავშესაქცევი ნადირობების შესახებ და, მათი მონათხრობის მიხედვით, „გულში ჩაუვარდა“ ამ მხარის მონახულება. თავისი ნატვრა მან აისრულა 1853 წელს, როდესაც ჩამოვიდა კავკასიაში და დაიწყო სამსახური პორუჩიკად ტფილისის გრენადერთა პოლკის შტაბში, რომელიც ლაგოდეხის სამხედრო სიმაგრეში იდგა ლეკთა კორდონის ხაზზე, მადლიან ალაზნის ველზე. მისი გათვლით, აქ ყოფნა არ უნდა გაგრძელებულიყო ერთ წელზე მეტ ხანს, მაგრამ, როგორც ის თავისი ავტობიოგრაფიით გვატყობინებს: „ მე ისე გამიტაცა კავკასიამ, რომ აი, უკვე 36 წელია აქ ვარ და ჩემი ის ერთი წელი კვლავ გრძელდება“.

მაგრამ, ლუდვიგის ჩაკეტილმა ცხოვრებამ, სამხედროსათვის უჩვეულო მებაღეობითა და მებოსტნეობით გატაცებამ, ადგილობრივ ლეკებთან კეთილმეგობრულმა დამოკიდებულებამ - სამხედრო შტაბში უსიამოვნო ხმები დაბადა, რამაც 1861 წელს აიძულა მლოკოსევიჩი გადადგომისაკენ. მას შემდეგ მან საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა საყვარელ საქმეს - კავკასიის ბუნების შესწავლას. თავიდან, სამხედრო უწყებაში არსებული ინტრიგებით განაწყენებული, ის გაემართა დაღესტნის მთებისაკენ „ადამიანებისაგან განაწამები სულის სამკურნალოდ“, ხოლო შემდეგ გაემგზავრა სამხრეთში, რათა „მისცემოდა თავდავიწყებას... სპარსეთის უდაბნოში“. თითქმის წელიწადს დახეტიალობდა  სპარსეთში, ხოლო უკანა გზაზე პოლონელი ლ. მლოკოსევიჩი დააპატიმრეს გემზე, 1863 წლის პოლონეთის თავად-აზნაურთა აჯანყების მიზეზით, ხოლო შემდეგ, ცილისწამების ნიადაგზე, თითქოს ის აგულიანებდა ლეკებს ამიერკავკასიაში აჯანყებისათვის, გადაასახლეს ვორონეჟის გუბერნიაში.

Demavend
 ვულკანი დემავენდი. სპარსეთი

გადასახლების პერიოდიდან, მისივე სიტყვების მიხედვით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იქ მას მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება და თავს ნადირობით ირჩენდა. თუმცა, გადასახლებაში მან ჰპოვა თავისი ერთგული სიყვარული - უკრაინელი ღარიბი აზნაური კაზაკის ქალიშვილი ანა და მას შემდეგ მათი ოჯახი თანდათანობით იზრდებოდა. სულ მლოკოსევიჩებს ეყოლათ 10 შვილი და კიდევ - იშვილეს ობოლი ბიჭუნა იბრაჰიმი, რომელსაც მშობლები კავკასიის მთებში დაეღუპა.

1867 წელს მლოკოსევიჩს გადასახლების ვადა დროზე ადრე დაუმთავრდა და თუმცა შერისხულ ლუდვიგ მლოკოსევიჩს შეეძლო ვარშავაში დაბრუნება, ისეთი სევდა ჰქონდა ლაგოდეხისა, რომ დამ - გრაფინია ელენა მინორსკაიამ - უშუამდგომლა იმპერატორ ალექსანდრე II წინაშე და მისცეს კავკასიაში დაბრუნების ნება. ნებართვის მიღების შემდეგ, ის მალე ბრუნდება ვორონეჟიდან დაგოდეხში და აგრძელებს კავკასიის ბუნების გაცნობას. 

1869 წლის დასაწყისში ლ. ფ. მლოკოსევიჩი იწყებს ფენოლოგიური დღიურის წარმოებას, სადაც, მცენარეებს გარდა, ბევრი შენიშვნა აქვს გაკეთებული ფრინველებზე: ბატებისა და წეროების გადაფრენაზე, მერცხლების მოფრენასა და გაფრენაზე, გუგულებისა და ოფოფების გამოჩენაზე... ამ გამოკვლევების პირველი ათწლეულის შედეგები შესულია მის სტატიაში „შენიშვნები ბუნების პერიოდული მოვლენების შესახებ ლაგოდეხის გარეუბნებში (სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია)“, რომელიც გამოქვეყნდა 1879 წელს „ბუნებისმეტყველების მოყვარულთა კავკასიური საზოგადოების და ალპიური კლუბის ცნობების“ პირველ გამოშვებაში.

ამ წლებში, მიუხედავად ფულადი გაჭირვებისა,  ლ. ფ. მლოკოსევიჩი ბევრს მოგზაურობს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში - აგროვებს ბოტანიკურსა და ზოოლოგიურ კოლექციებს. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „მე რომ ცოტა უკეთესი მატერიალური პირობები მქონოდა, გაცილებით მეტს გავაკეთებდი, მაგრამ ჩემი სამოგზაურო თანხა ფრიად შეზღუდული იყო. ასე, მაგალითად, 1876 წელს, როდესაც მთელი თვით გავემგზავრე დაღესტანში, ჯიბეში მხოლოდ სამი მანეთი მედო“.   ორი წლის შემდეგ, 1878 წელს, ლ. ფ. მლოკოსევიჩი კვლავ მიეშურება სპარსეთის   მთებისკენ, რომლებიც მეხსიერებაში აქვს ჩარჩენილი და კვლავ - პრაქტიკულად უფულოდ.

მას საოცრად მოუნდა მაშინ ასვლა დემავენდზე (5671 მ. ზღვის დონიდან), სპარსეთის ლეგენდარულ უმაღლეს მწვერვალზე - 7 ათასი წლის წინ ჩამქრალ ვულკანზე, რომელიც განლაგებულია ელბურსის ქედზე, კასპიის სამხრეთ ნაპირებთან. გაზაფხულზე, მზის ჩასვლის წინ, დემავენდის ვულკანური პიკი, რომელსაც იდეალური კონუსისებური ფორმა აქვს, მოწითალო შეფერილობას იღებს, თითქოს ირეკლავდეს მთის კალთებზე გადაპენტილი წითელი ყაყაჩოების მინდვრებს. ხოლო მწვერვალზე ხშირად გროვდებიან ღრუბლები; როგორც ამბობენ, ეს არის ბივარასბის - ბოროტი სულის მყრალი ამონასუნთქი, რომელიც მთების წიაღში  ჰყავს გამომწყვდეული მამაც აფრიდუნს.

LM House
 მლოკოსევიჩის სახლი ლაგოდეხში

ლ. ფ. მლოკოსევიჩმა დატოვა ლაგოდეხში მეუღლე მწირი საარსებო სახსრებით და ქმრის განაზრახით არცთუ უსაფუძვლოდ შეფიქრიანებული, თვითონ კი გაუდგა გზას. სპარსეთში, მაზენდერანში, ის უკანასკნელი გროშების ფასად ქირაობს მეგზურს და იწყებს ასვლას ვულკანზე. მაგრამ ეს ლაშქრობა სრულდება ტრაგიკულად. მოგზაურებმა მიიღეს მზის დარტყმა, მეგზური დაიღუპა, ხოლო მლოკოსევიჩი - ავადმყოფი, მშიერი, ჩამოძენძილი, სრულიად უფულოდ - რამდენიმე დღეს მოუნდა თეირანამდე ჩაღწევას 100 ვერსის გავლითა და საშინელი თავის ტკივილით. მის დახმარებაში ქმედითი მონაწილეობა მიიღო თეირანში რუსეთის მაშინდელმა ელჩმა ი. ა. ზინოვიევმა. მან ის მოათავსა თავიანთ მისიაში, არ მოაკლო ზრუნვა და ყურადღება, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ აღჭურვა ფულითა და სარეკომენდაციო წერილებით გზაში. როდესაც თავის მოგზაურობას ეხებოდა სპარსეთიდან შინისაკენ, მოგვიანებით მლოკოსევიჩი წერდა: „ დიდი ხანია არ მიმოგზაურია ასეთი კომფორტით“.

1879 წელს, ლაგოდეხში დაბრუნების შემდეგ, მლოკოსევიჩმა მიიღო მეტყევის თანამდებობა ტფილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში, სადაც იმუშავა 1897 წლამდე და იცავდა კავკასიის ტყეებს. როგორც ა.პ. სემიონოვ ტიან-შანსკი წერდა, „იქიდან წარმართავდა ის ჭაბუკური გატაცებით ღრმა სიბერემდე თავის ცოტად თუ მეტად შორეულ ექსკურსიებს“.

დანიშვნიდან ზუსტად ათი წლის თავზე მლოკოსევიჩი მიდის კიდევ ერთ  სარისკო მოგზაურობაში - 1889 წლის აგვისტოში, სავარაუდოდ, 60 წლისთავის აღსანიშნავად  არარატის მწვერვალის (5165 მ ზღვის დონიდან) პირველი დაპყრობიდან, ის აწყობს ლაშქრობას თავის 14 წლის ვაჟთან, კოსტიასთან და 17 წლის ქალიშვილ იულიასთან ერთად. სამწუხაროდ, მას არ ეყო  ძალა და მწვერვალამდე დააკლდა 50 მეტრი. სამაგიეროდ, იულიამ ქურთებთან და სხვა თანამგზავრებთან ერთად თითქმის პიკს მიაღწია. მაგრამ იქ გოგონა მოხვდა მომწამვლელი გოგირდის აირის ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც აფრქვევდა ჯერ კიდევ დაუმცხრალი ვულკანი (უკანასკნელად ამოფრქვეული 1840 წელს) და ამ აირმა იგი დასცა ძირს. უკან ის თითქმის ხელში აყვანილი მოჰყავდათ - მას ძალიან უჭირდა სუნთქვა.

ამ ლაშქრობას ლ. ფ. მლოკოსევიჩისთვის ჰქონდა არა მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა. თავის წერილში არარატზე ასვლის თაობაზე (გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, 6. 10, 1889 წ., ტფილისი) ის იტყობინება მთის კაკბების ნახვისა (8 500 და 11000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე) და ორი სალამანდრის მონადირების შესახებ პეტერბურგელ აკადემიკოს ა. ა. შტრაუხისათვის. როგორც აღნიშნავდა თვით მლოკოსევიჩი, „მსგავს მოგზაურობებში მე მიყვარს ან მოწინავედ ყოფნა, ან უკან მიდევნებულად. არ მიყვარს შუაში წოწიალი. მე სულ მეჩვენება, რომ ამ „შუაში“ მეკარგება თავისუფალი ნება და მივყავარ ბადრაგს; მაგრამ, რადგან ასასვლელი გზა უცნობი იყო ჩემთვის, მე აღმოვჩნდი ყველაზე უკან და თავისუფლად შემეძლო სხვა მიზნის ასრულებაც - გარემოს ორგანულ ცხოვრებაზე თვალის მიდევნება. ამიტომაც,  მე ხან უკან ვრჩებოდი და ხან - ვეწეოდი კომპანიას“.

GM salamandra caucasica
 კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica)

კიდევ ათი წლის შემდეგ, 1900 წელს, მლოკოსევიჩი თან ახლდა კავკასიის დიდი მთაგრეხილის მწვერვალების დალაშქვრის ჟამს ახალგაზრდა პოლონელ ბოტანიკოსს, ბოლესლავ გრინევიცკის (1875 – 1963), რომელმაც ის იყო დაასრულა იურიევის უნივერსიტეტი, სადაც აგრძელებდა მუშაობას 1914 წლამდე. შემდგომში გრინევიცკი დაწვრილებით იხსენებდა ამ ლაშქრობებს. დაღესტნისა და საქართველოს საზღვარზე, ქოჩალდახის მთის (3486 მ ზღვის დონიდან) დაპყრობის შემდეგ გრინევიცკი წერდა: „...მესამე დღეს, საღამოს დავბრუნდით ლაგოდეხში. გამაკვირვა მლოკოსევიჩის ფიზიკურმა ამტანობამ, კაცისამ,  რომელსაც ვემადლიერებოდი მეგზურობისთვის, მიუხედავად მისი სამოცდაათი წლის ხნოვანებისა. მას შეეძლო მოეცა მითითებები და მოემაგრებინა ჩემთვის ვინმე ახალგაზრდა მეგზური, მაგრამ ის შეყვარებული იყო თავისი კუთხის ბუნებაზე და უნდოდა ახალბედაც, როგორიც ვიყავი მე,  ეზიარებინა კავკასიის ბუნების ამ დამატყვევებელი განცდისათვის“.

თავისი „კუთხე“ ლაგოდეხში მლოკოსევიჩს უყვარდა კიდევ იმიტომაც, რომ ის თავისი ხელით ჰქონდა შექმნილი მრავალი წლის განმავლობაში - ფაქტობრივად მთელი სიცოცხლის მანძილზე. 1867 წელს კავკასიაში ჩამოსულმა, მან ამოირჩია ადგილი ლაგოდეხის გარეუბანში - ხელშეუვლები სუბტროპიკული ტყის შუაგულში, მდინარის პირას, ზვიადად აღმართული  მთების ძირში, რომლებიც სამკილომეტრიანი დათოვლილი კედლით იყვნენ აღმართულნი ჩრდილოეთისკენ 10 კილომეტრზე. აქ მან აიშენა დიდი ხის სახლი, მოაწყო ქვის ბაგა, საჯინიბო, შემოაკავა ბოსტანი, გააშენა ბაღი და ვენახი, დადგა სკები, გაიჩინა აბრეშუმის ჭია. მაგრამ წვრილშვილიანი ოჯახისთვის სახსრები არ ჰყოფნიდა, მით უფრო, რომ სჭირდებოდა თანხების გაღება კავკასიაში მრავალრიცხოვანი ექსპედიციებისათვის. ამიტომაც მლოკოსევიჩს მოუხდა თამბაქოს მოშენება - კულტურისა, რომელმაც ლაგოდეხში ყველას „თავბრუ დაახვია“. მიუხედავად ყველა სიძნელისა, რომელიც მას აქ ეღობებოდა, ლაგოდეხის სიყვარულმა მას ერთხელ, ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ ათქმევინა: „სამყარო დიდი და მშვენიერია, მაგრამ ცხოვრება ყველაზე კარგია ლაგოდეხში“.

267px-Władysław_Taczanowski_(58980)
 ვლადისლავ ტაჩანოვსკი

კავკასიაში ჩამოსვლის პირველ წლებში ახალგაზრდა მლოკოსევიჩს არაერთი შერკინება ჰქონია მთიელებთან, მათთან ერთად უვლია სანადიროდაც, მაგრამ ყოველთვის, როგორც ამას იხსენებდა მოგვიანებით: „როცა ჩემი გასროლის შემდეგ ძირს დავარდნილა დაჭრილი ირემი ან ლამაზი ხოხობი და მე მიხდებოდა მათ მოსაკლავად მიმეყოლებინა ტყვია ჩემი მიზეზით წვალებაში ჩავარდნილი ცოცხალი არსებისათვის, მიპყრობდა უსიამოვნო გრძნობა. ასევე წლის ყოველ დროს გამუდმებული ნადირობისას ცხოველების მთელი მასების დახოცვისას, რაც ხშირად მთლიანად არ შეიჭმებოდა და ფუჭდებოდა ხოლმე. ყველაფერი ეს ჩემში წარმოშობდა კითხვას: - არის კი ამ მკვლელობების აუცილებლობა? ნადირობა ეს - ღირსებაა თუ უღირსობა? და მე მივედი დასკვნამდე, რომ ნადირობა, რომელიც არ ფიქრობს პირუტყვის დაცვაზე, არის ვნებისმიერი ლტოლვა, და როგორც ყოველი ვნება, ის მოკლებულია საღ აზრს...

ამას გარდა, მე მივედი დასკვნამდე, რომ საერთოდაც, სიცოცხლე უფრო ლამაზია, ვიდრე სიკვდილი და ჩემი თავი დავაჯერე - სამუდამოდ მიმეტოვებინა ნადირობა და მას შემდეგ გავხდი სიცოცხლის თავგამოდებული დამცველი... გონება მკარნახობდა, რომ ბუნებისმეტყველების სხვადასხვა საგნების შეგროვება მსოფლიოს მეცნიერებისთვის, გაცილებით მიზანშეწონილი შრომაა... მას შემდეგ მე ბეჯითად შევუდექი ამ საქმეს და მქონდა ბედნიერი შემთხვევები, ჩვენი მეცნიერებისათვის შესასწავლად მიმეწოდებინა ახალი ზოოლოგიური ეგზემპლარები, რომლებმაც ხმამაღალი აღიარება მოიპოვეს.“

თავად მლოკოსევიჩი, რომელსაც არ ჰქონდა სპეციალური ბიოლოგიური განათლება, კოლექციის შეკრებისას არ მიმართავდა მათ დამუშავებასა და აღწერას - ის თავის მიერ მოძიებულ მასალას უგზავნიდა ცნობილ მეცნიერებს. უკვე 1868 წელს მან დაამყარა კონტაქტები პოლონელ ზოოლოგებთან - ანტონ ვაგასთან, რომელმაც აღწერა მლოკოსევიჩის მიერ ნანახი სალამანდრა და აგრეთვე ვლადისლავ ტაჩანოვსკისთან - ვარშავის უნივერსიტეტის ზოოლოგიური კაბინეტის გამგესთან, რომელიც ამუშავებდა ასევე ციმბირიდან მიღებულ ბენედიქტ დიბოვსკისა და ვიქტორ გოდლევსკის ზოოლოგიურ მასალებს. სწორედ ტაჩანოვსკის ჰქონდა პატივი, აღეწერა და მლოკოსევიჩის სახელი მიენიჭებინა  მის მიერ კავკასიაში აღმოჩენილი როჭოს ახალი სახეობისათვის. 1876 წლიდან ლ. ფ. მლოკოსევიჩმა დაიწყო თანამშრომლობა აგრეთვე საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ზოოლოგიურ მუზეუმთან, მოსკოვის ზოოლოგიურ მუზეუმთან და ზოოლოგიურ ბაღთან.

Julia-Mlokosievitch
 იულია მლოკოსევიჩი

მლოკოსევიჩი აქტიურად თანამშრომლობდა ბოტანიკოსებთანაც - აგროვებდა ჰერბარიუმებს, ამშვენებდა ლაგოდეხში თავის მიერ შექმნილ ბოტანიკურ ბაღს. აქ

Primula juliae
 იულიას ფურისულა (Primula juliae)

არცთუ იშვიათად ჩამოდიოდნენ ბოტანიკოსები, მათ შორის ცნობილებიც - ნ. ი. კუზნეცოვი, დ.ი. სოსნოვსკი, ბ.ი. გრინევიცკი და სხვები.

მლოკოსევიჩის ქალიშვილს, იულიას უყვარდა ნიკოლაი ივანეს ძე კუზნეცოვი, მაგრამ პეტერბურგელ ბოტანიკოსს უკვე ჰყავდა ცოლი, ქალიშვილი... ამიტომაც იულია დარჩა გასათხოვარი, თუმცა კი მოგვიანებით დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი, შემდეგ დაკავებული იყო ბოტანიკით - ატარებდა ცდებს გარეულ ქათმისებრთა მოშინაურებასა და გამრავლებაზე. მის მიერ ნაპოვნ და ნ. ი. კუზნეცოვის მიერ აღწერილ ფურისულას მისი სახელი დაერქვა - „იულიას ფურისულა“ - Primula juliae.

ლუდვიგ მლოკოსევიჩი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა საუნივერსიტეტო განათლება, იყო მეტად განათლებული, გამოირჩეოდა ცნობისწადილით, არაჩვეულებრივი დაკვირვების უნარით, აგრეთვე დასახული მიზნისკენ სწრაფვის შეუპოვრობით, რაზეც მეტყველებს მის მიერ კავკასიური როჭოს აღმოჩენის ისტორია. თავის წერილში ის დაწვრილებით ჰყვება ამის შესახებ.

„მწერების საძიებლად ჩემი ექსკურსიების დროს ხშირად გადავყრივარ როჭოს. ყოველთვის მხვდებოდა თვალში მისი განსხვავება ევროპული როჭოსაგან. ჩემს შეკითხვებზე მონადირეები და მეცნიერებიც მპასუხობდნენ, რომ აქაური როჭო არ განსხვავდებოდა ევროპული როჭოსაგან და არაფერს საინტერესოს არ წარმოადგენდა. ტფილისის მუზეუმში მე ასევე ბევრჯერ მინახავს ერთი და იმავე სახელწოდებით - Tetrao tetrix L. რაკიღა ვხედავდი ასეთ ერთსულოვნებას უფრო გამოცდილსა და მცოდნე ხალხის აზრში, თავს ვირწმუნებდი, რომ ალბათ მე მღალატობს მხედველობა და ჩემი ვარაუდები მცდარია. რამდენიმე წელი გავიდა, ვიდრე 1874 წელს ცნობისმოყვარეობამ არ მაიძულა მომეკლა წყვილი ფრინველი, რათა ახლოდან დამეთვალიერებინა და მაშინ ჩემი ეჭვები აღმოჩნდა გამართლებული - ეს ფრინველი სინამდვილეშიც მკვეთრად განირჩეოდა ევროპული სახეობისაგან.

Tetrao M
 მლოკოსევიჩის როჭო (Tetrao Mlokosiewitschi)
Tetro M Ukolov
 მლოკოსევიჩის როჭო (Tetrao Mlokosiewitschi)

ზუსტი განსაზღვრისათვის მე ეს წყვილი გავუგზავნე ვარშავაში ცნობილ ორნითოლოგსა და იქაური საუნივერსიტეტო მუზეუმის გამგეს - ბატონ ტაჩანოვსკის, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს სინამდვილეშიც სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო სახეობაა, და სახელწოდებით „Tetrao Mlokosiewitschi აღწერა ის სამეცნიერო წერილში «Description d’une nouvelle espece de Coq de bruyere», რომელიც გამოქვეყნდა ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების უწყებებში 1875 წელს (მარტი, 266-269) [Л. Млокосевич, 1879. Кавказский тетерев (Tetrao Mlokosiewitschi Tacz.). С.17-23].

საზოგადოდ კი, კავკასიის მთების როჭოს შესახებ  ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1840 წელს, ა. ნორდმანის ნაშრომიდან. მოგვიანებით, სვანეთში მოგზაურობის აღწერისას გ. ი. რადე (1864) წერდა, რომ მაღლა მთებში ბინადრობს „როჭო-კოსაჩი, რომელსაც სვანები უბრალოდ ქათამს ეძახიან - ქათალ“. როგორც ვხედავთ, ორივე მკვლევარი თვლიდა, რომ კავკასიაში გავრცელებულია ჩვეულებრივი როჭო, ასევე ფართოდ გავრცელებული რუსეთში. მალე რადემ მოიპოვა მოჩიტული როჭო, ხოლო 1869 წელს მის კოლექციაში იყო უკვე ორი მოზრდილი ფრინველი, მაგრამ ის არ ჩქარობდა მათ აღწერას.

Tchoroda
 აული ჩოროდა. დაღესტანი

ამიტომაც, ვ.კ. ტაჩანოვსკის წერილის დაბეჭდვა სრული მოულოდნელობა იყო გ.ი. რადესათვის, რომელმაც იმ დროისათვის უკვე იცოდა, რომ კავკასიური როჭო  - განსაკუთრებული სახეობაა და სახელიც კი მოუგონა მას. 1884 წელს ის წერდა ამის თაობაზე: „ქვემოთ მე ვეხები ზოგიერთ საკითხებს კავკასიური როჭოს აღმოჩენის შესახებ და სრულიადაც არ მსურს ბატონ ტაჩანოვსკის ვედავო სახელწოდებაზე,  რომელიც მან პირველმა მისცა ამ ფრინველს. მე მას დავარქვი Т. acatoptricus. ეს სახელი სწორად ახასიათებს მას ჩვეულებრივ როჭოსთან მიმართებაში, რომელსაც აქვს დიდი თეთრი „სარკე“, რაც სრულებით არა აქვს კავკასიურ სახეობას“.

თავდაპირველად, ლ. ფ. მლოკოსევიჩის წერილობითი ცნობა კავკასიური როჭოს შესახებ 1876 წელს სიტყვა-სიტყვით შეიტანა თავის წიგნში «A history of the birds of Europe» ჰენრი დრესერმა. მოგვიანებით რუსულ ენაზე ის გადაიღო მ.ნ. ბოგდანოვმა და დაბეჭდა წიგნში „კავკასიის ფრინველები“(1879), ხოლო შემდეგ გამოქვეყნდა თვით ლ. ფ. მლოკოსევიჩის წერილი (1879), სადაც ის იძულებული გახდა, თავად მოეხდინა ბოგდანოვის ციტირება. სწორედ მას შემდეგ დაიწყო კავკასიის ამ შესანიშნავი ენდემური წარმომადგენლის შესწავლა. განსაკუთრებული წვლილი კავკასიის როჭოს შესწავლის საქმეში შეიტანეს სამამულო მკვლევარებმა: ნ. ი. დინნიკმა (1880, 1884, 1886), ფ. კ. ლორენცმა (1884, 1887), კ. ნ. როსიკოვმა (1884), გ. ი. რადემ (1885) და სხვებმა. 

საგულისხმოა, რომ ლ. ფ. მლოკოსევიჩმა თავის წერილში არცთუ მთლად ზუსტად გადაიღო ლათინური დასახელების ასლი, რომელიც ტაჩანოვსკიმ მისცა როჭოს - სავარაუდოდ, ჩვეულების მიხედვით, მექანიკურად დაარქვა ფრინველს ბოტანიკურ სტილში,  რადგანაც ზოოლოგებთან  მისი სახელი იწერება რამდენადმე სხვა დაბოლოებით «Mlokosiewiczi». ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა შეცდომები ამ სახელწოდებაში არაერთგზის იყო დაშვებული სხვა ავტორებისგანაც, მათ შორის თვით მ.ნ. ბოგდანოვის (1879), გ. ი. რადეს და სხვათა მიერ.  

LM-pamyat-Tchoroda
 მლოკოსევიჩის ძეგლი ჩოროდაში. სხედან მარცხნიდან: პეტრე ზგონიკოვი, ომარ სულეიმანოვი და მოლამოჰამედ ალიევი

მიუხედავად მძიმე განცდებისა დემავენდზე და არარატზე ასვლის შემდეგ, ლ. ფ. მლოკოსევიჩი ღრმა სიბერემდე მარტოდ, თავის შვილებთან, ან კავკასიაში ჩამოსულ მეცნიერებთან ერთად აგრძელებდა რეგულარულ სამეცნიერო ასვლებს მთებში, და დიდხნობით გადადიოდა უღელტეხილებით მეზობელ დაღესტანში, ავარის ყოისუს ზედა წელში. იქ მას მრავალრიცხოვან აულებში ჰყავდა ყონაღები, რომლებიც ელოდებოდნენ, რადგან მას ჩაჰქონდა წამლები, ეხმარებოდა ზამთრის საძოვრების ორგანიზებაში ლაგოდეხისპირა მთებში, აძლევდა მათ რჩევას და უწევდა ყოველგვარ დახმარებას. იქ, მკვიდრ მობინადრეთა შორის, დღემდე ინახავენ მის საჩუქრებს - ტულის სამოვარს, ჰოლანდიურ სათოფისწამლეს... სულ უკანასკნელ ხანებამდე ავარელებს ახსოვდათ მამა-პაპისაგან მოსმენილი გადმოცემები მათი ლაგოდეხელი მეგობრის შესახებ, თუმცა სახელიც კი არ იცოდნენ მისი და „სტარშილესნიჩის“ („მთავარ მეტყევეს“) ეძახდნენ.

სწორედ იქ, აულ ჩოროდთან, მდინარე ჯურმუთის პირას 78-ე წელიწადზე შეწყდა ლუდვიგ მლოკოსევიჩის სიცოცხლე. დაღესტანში მორიგი ექსპედიციის დროს ის მძიმედ დაავადდა და დიდხანს იწვა თავის სალაშქრო კარავში მთის ძირას, მდინარის პირას და არავის აძლევდა მასთან მიახლოების უფლებას, რადგან თავისი

LM Tchoroda
 მლოკოსევიჩის ძეგლი აულ ჩოროდაში. დაღესტანი

ავადმყოფობის ინფექციურ ბუნებას ვარაუდობდა. ავარელები აულიდან უზიდავდნენ საკვებს - ხორცს, ხაჭოიან კვერებს, აირანს, პურს... დაუწყობდნენ კარავთან და მიდიოდნენ. ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ავარელ მეგობრებს რამდენიმე დღე მიჰქონდათ მისი ცხედარი საკაცით - სამ კილომეტრიანი უღელტეხილის გზით, ვიწრო მთის ბილიკებით. აული დაცარიელდა. თავის ერთგულ მეგობარს, „რუს“ ყონაღს ჩოროდის ყველა მამაკაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე... 

„აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფლორისა და ფაუნის მოუღლელი მკვლევარი“, როგორც მას უწოდა ა.პ.სემიონოვ-ტიან-შანსკიმ, დაკრძალეს ლაგოდეხის გარეუბანში, მდინარის პირას. საფლავზე დაადეს მარმარილოს ფილა წარწერით: „ფლორისა და ფაუნის დიდი მეოხი, ლუდვიგ ფარანცის ძე მლოკოსევიჩი 1831 – 1909“. 

ამჟამად, კარგად მოვლილ საფლავზე გაჩნდა ახალი გრანიტის ქვა წარწერით „ლუდვიკ მლოკოსევიჩი, კავკასიის ფლორისა და ფაუნის დაუღალავი მკვლევარი.1831-1909“. 

1989 წლის აგვისტოში ლუდვიგ ფრანცის ძე მლოკოსევიჩს მემორიალი დაუდგეს მისი დაღუპვის ადგილზეც, ჩოროდში. ამ ძეგლის დადგმა სურდა ჯერ კიდევ მის საუკეთესო მეგობარს, სულეიმან ომაროვს, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი. სიკვდილის წინ მან ეს ანდერძად დაუტოვა თავის ვაჟს, მაგრამ მანაც ვერ შეძლო შეესრულებინა მამის დანაბარები, რადგან არ იცოდა “სტარშილესნიჩის“ გვარი, არ იცოდა, რა

LM-Lagodekhi
 მლოკოსევიჩის ძეგლთან ლაგოდეხში სტატიის ერთ-ერთი ავტორი ნ. ნასრულაევი

დაეწერა ქვაზე. ამდენად, ანდერძი გადავიდა ომაროვის შვილიშვილზე - ომარ სულეიმანოვზე, მაგრამ მანაც ვერაფერი შეიტყო სტარშილესნიჩის შესახებ, ლაგოდეხის ნაკრძალში ჩასულმაც კი: „მთელი ამ წლების განმავლობაში გული  მქონდა დამძიმებული. საკმაოდ ასაკოვანი ვარ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღვესრულო. მამისა და პაპის ანდერძი კი შეუსრულებელი მრჩება“. მხოლოდ პეტრე ტიმოთეს ძე ზგონიკოვის მეოხებით გახდა შესაძლებელი ლ. ფ. მლოკოსევიჩის ისტორიის აღდგენა დაღესტნის მთებში. 

მემორიალური ქვის ფილა დაიდგა ბილიკის გვერდით, რომელიც ციცაბო სერპანტინით მაღლდება მდინარე ჯურმუთის ხეობიდან აულ ჩოროდში, ასმეტრიანი მთის მწვერვალზე. ხოლო აულიდან ჩანს ჯურმუთიც, რომელიც შმაგად მიარღვევს  მთიან ქვის ვიწროებს კასპიისაკენ და გრძელი, მისი ნაპირების გასწვრივ გამავალი გზაც. მასზე ოდესღაც დადიოდა მოუღლელი ლუდვიგ ფრანცის ძე, რომელსაც, თავისი სანუკვარი მიზნისკენ მიმავალს,  შეეძლო „მთელი კვირა არ ეჭამა, მთელი თვე არ დაეძინა“...  

ლ. ფ. მლოკოსევიჩის ნახატები და ფოტოსურათები გადმოღებულია პ. ტ. ზგონიკოვის საიტიდან და მოწოდებული -  ე. ე. შერგალინის მიერ, ხოლო კავკასიური როჭოს ფოტო გვიბოძა ი. ი. უკოლოვმა, რისთვისაც ავტორები ყველა მათ უცხადებენ გულითად მადლობას.

**********************************


ავტორების შესახებ

Viktor Belik
ვიქტორ ბელიკი
Nasrula Nasrulaev
ნასრულა ნასრულაევი

ვიქტორ ბელიკი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხრეთის ფედერალური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორი, მენზბირის ორნითოლოგიური საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრი, რუსეთის ფრინველთა დაცვის საბჭოს საპატიო წევრი, ჩრდილოეთ ევრაზიის მტაცებლებზე დამკვირვებელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. ინტერესთა სფერო - ზოოლოგია, ორნითოლოგია, ბიოგეოგრაფია, ბუნებისა და ფრინველების დაცვა. გამოქვეყნებული აქვს 700-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, არის ავტორი და თანაავტორი დაახლოებით 20 მონოგრაფიისა და წიგნებისა კავკასიის სხვადასხვა რაიონის, დონისა და ვოლგისპირეთს, უკრაინის, ყაზახეთისა და ყოფილი სსრკს-ის სხვა რეგიონების ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს შესახებ. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „იცოცხლეთ, ჩიტუნებო“  («Живите, птицы», 1994), „დონისპირა სტეპის ფრინველები“ («Птицы степного Придонья», 2000), „სახელი წითელი წიგნიდან“ («Имя из Красной книги», 2004), „ჩემი გზები“ («Мои дороги“, 2018) და სხვ. ვ. პ. ბელიკი გახლავთ ორნითოლოგიურ ჟურნალ „სტრეპეტის“ («Стрепет») პასუხისმგებელი რედაქტორი, აგრეთვე რიგი სამეცნიერო კრებუებისა - მთის არწივი (Королевский орел, 1999); ქორი (Ястреб-тетеревятник, 2003); ჩრდილო კავკასიის სტეპის ფრინველები (Степные птицы Северного Кавказа, 2015); ჩრდილოეთ ევრაზიის მტაცებელი ფრინველები (Хищные птицы Северной Евразии, 2016) და სხვ. 

ნასრულა ნასრულაევი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ბიოლოგიური რესურსების კასპიისპირეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. ინტერესთა სფერო - ზოოლოგია, თერიოლოგია, ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვა. იკვლევს დაღესტნის მთის ცხოველთა ეკოლოგიას, ემსახურება მათი პრაქტიკული დაცვის ორგანიზებას.  

*************************

რუსულიდან ქართულზე თარგნმა ზურაბ ქართველაძემ




 

 

Просмотров: 2789


Комментарии к статье:

Добавить Ваш комментарий:

Введите сумму чисел с картинки